საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებთან ყველაზე მეტი შეხვედრა გამართა. წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლის და მუქარის ფაქტები, გაგრძელდა მოსწავლეების და მათი მასწავლებლების საპრეზიდენტო კანდიდატებთან მობილიზების „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციაც. პრეზიდენტობის კანდიდატები არ იშურებდნენ დაპირებებს და ეპითეტებს ერთმანეთის მისამართით: ნათელაშვილისთვის ბურჯანაძე „კაბიანი სააკაშვილია“ და თარგამაძისთვის მარგველაშვილი „ძველბიჭპრეზიდენტობის“ კანდიდატი. ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატისადმი 60%-ზე მეტი მხარდაჭერა მოსთხოვა. არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა ეს განცხადება ამომრჩევლებზე ზეწოლად შეაფასა.

60%–ზე ნაკლებიც რომ მიიღოს გიორგიმ, ესეც შეურაცყმყოფელი იქნება ჩემთვის. ჩემი გადმოსახედიდან გიორგიმ მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, თუმცა მისი გადასაწყვეტია და ვიმეორებ, რომ არ არის გიორგი ის კაცი რამე თავზე მოახვიო. მას შეუძლია მხოლოდ საღი აზრი გაიზიაროს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთების და რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის „საღი აზრი“ გაიზიარა. „თუ მოხდა საოცრება და ამომრჩეველი არ გამოვიდა საარჩევნო უბანზე და დაინიშნა მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში ვეღარ ვხედავ აზრს, რომ აქტიურად დავრჩე პოლიტიკაში ჩართული“ – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს, ეს იცის აბსოლუტურად ყველამ, მათ შორის ჩვენმა ყველაზე მეტად გაუწონასწორებელმა ოპონენტებმაც,“- აღნიშნა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთი ოპონენტი დავით ბაქრაძე ულტიმატუმად აფასებს პრემიერის განცხადებას მეორე ტურის შესახებ. ნაციონალური მოძრაობისპრეზიდენტობის კანდიდატი თქმით, ამორჩევლის თითოეული ხმა მოფრთხილებას იმსახურებს და ხმათა ნებისმიერი პროცენტი დასაფასებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მარგველაშვილის ადგილას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა, ამომრჩევლებზე ზეწოლაა. ლომჯარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ასეთი განცხადება მინიშნებაა იმაზე, რომ არჩევნები აუცილებლად პირველ ტურში უნდა დასრულდეს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უარყოფითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც. „იმის გამო, რომ ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ ლიდერი და დიდი გავლენა აქვს ამ კოალიციაში, კარგი არ იქნება, თუ კანდიდატს ასეთ რჩევას მისცემს. ჩვენ ყველა მოველით, რომ ყველა კანდიდატი დამოუკიდებელი ფიგურაა და მას შემდეგ, რაც არჩეული იქნება, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შიდა ქართლში, საპრეზიდენტო კანდიდატთან გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად საჯარო სკოლებიდან პედაგოგები თითქმის ყველა მხრიდან წავიდნენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე სკოლაში ღიად დატოვებული კარებები და დაცარიელებული სამასწავლებლოები დააფიქსირა. პედაგოგები ამბობენ, რომ მარგველაშვილთან შეხვედრაზე საკუთრი ნებით წავიდნენ.

ფოთში, “ქართული ოცნებისსაპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ფოთის საოლქო საუბნო კომისიის 9 წევრი კანონდარღვევით იმყოფებოდა.სამართლიანი არჩევნებისთავმჯდომარის, ნინო ლომჯარია კომისიის წევრების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კანონის თანახმად, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 4 ნაწილის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება და რაც „წევრის კომისიიდან გამოწვევას და 2 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს”

ფოთის მეორე საჯარო სკოლის ეზოში განთავსებულ სპორტულ დარბაზში მარგველაშვილთან შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართა. TSpress-მა გადაღებულ მასალაში დააფიქსირა საუბნო კომისიებში კოალიცია “ქართული ოცნების” შემდეგი წარმომადგენლები: გია რუხაძე – N5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან ჯაკობია – N13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილე, დომენტი ქართველიშვილი – N26 საუბნო კომისიის წევრი, ნუკრი თოშხუა – N14 უბნის კომისიის წევრი, პეტრე როყვა – N24 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, ომარ ზენაიშვილი – N33 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, ლალი კოხრეიძე – N26 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, ბიძინა თავბერიძე – N14 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და მამუკა დოლიძე – N7 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე,რომელიც კომისიაში კონკრეტულ პარტიას არ წარმოადგენდა.

რამდენიმე დღის წინ, ფოთში, ქართული ოცნებისსაპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაკულიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებისთვის ფოთის მერიას საკონცერტო აპარატურა მოთხოვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იკრძალება.

აპარატურის თხოვებასთან დაკავშირებით, შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კაკულიამ ფოთის მერს დავით სარსანიას წერილობით მიმართა.სარსანიას განცხადებით, კანონის გათვალისწინებით, აპარატურის თხოვებაზე პარტიას უარი ეთქვა. “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კაკულიამ კომენტარი არ გააკეთა.

ირაკლი კაკულიამ უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტიც, როდესაც ქართული ოცნებისფოთის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა, გიორგმა მოისწრაფიშვილმა TSpress – ის ჟურნალისტს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში ხელი შეუშალა.

ჟურნალისტი რედაქციაში შესული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა, რომლის მიხედვით პარტია საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამუშაო საათის დროს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებთან შეხვედრას მართავდა. “სამართლიანი არჩვენებისთავმჯდომარის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის საქმიანობა და ნებისმიერი საჯარო ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე.

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს, გვიან ღამით, საყოფაცხოვრებო ნივთები და დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი გადასცეს. ერთ–ერთმა დევნილმა აღნიშნა, რომ დახმარება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიიღეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს, სამინისტროს წარმომადგენლებმა არ უპასუხეს.

აკრძალულია და კანონით ისჯება საარჩევნო მიზნით საქართველოს მოქალაქისთვის ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირება ან გადაცემა. ასევე, აკრძალულია და ისჯება კანონით, მოქალაქის მიერ საარჩევნო მიზნით მატერიალური ფასეულობის მიღება.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კუთვნილ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ენერგოდისტრიბუციაში“ განუცხადეს, ამის შესახებ კომპანია ინფორმირებული არ იყო და უცნობმა პირებმა სააგიტაციო მასალა სადენებზე თვითნებურად განათავსეს.

15 ოქტომბერს, „დილის 7 საათზე, გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად, 1 საათით გამოირთო ელექტროენერგია. არვიცი ვინ, მაგრამ დრო იხელთეს და მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს სააგიტაციო მასალა. ამ დროს რომ დენი მოსულიყო, მძიმე შედეგით დასრულდებოდა ყველაფერი.“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.მისივე თქმით, სააგიტაციო მასალა „ენერგოდისტრიბუციამ“ უკვე ჩამოხსნა.

დავით ბაქრაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოჩა სიბაშვილის თქმით, მათ აქტივისტებს ელექტროსადენი „სილქნეტის“ სადენში აერიათ და სააგიტაციო მასალა ამიტომ ჩამოკიდეს.

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს თელავში გამართულ შეხვედრაზე კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩაყვანილი საჯარო სკოლების მოსწავლეებიც დაახვედრეს. ახმეტის რაიონის სოფელ მატანის სკოლის მოსწავლეები წინასაარჩევნო შეხვედრაზე კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ. დედოფლისწყაროდან, ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, საგარეჯოდან და სხვა რაიონებიდან მოსწავლეების და მხარდამჭერების ტრანსპორტირება თელავში ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის კოორდინატორებმა უზრუნველყვეს.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელის ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, ცენტრალური ტელევიზიები, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს მიზანმიმართულად არ აშუქებენ.

„4 ოქტომბერს, ნინო ბურჯანაძის ბილბორდის დაზიანებასთან დაკავშირებით მივმართეთ თითქმის ყველა სატელევიზიო არხს. ყველა არხმა ჩაიწერა, თუმცა არცერთმა წამყვანმა ტელევიზიამ ეს ფაქტი არ გააშუქა. ეს ხდება იმიტომ, რომ ტელევიზიები ალბათ მართულები არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ, რომელთაც არ სურთ აღნიშნული დარღვევები გააშუქონ.“ – განაცხადა შოშიაშვილმა.

21 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გიორგი მარგველაშვილის პლაკატები ნინო ბურჯანაძის პლაკატებს გადააკრეს. აქტივისტებმა ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.gE-ს დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბურჯანაძის პლაკატები დაზიანებული იყო, თუმცა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-მასალაში კარგად ჩანს, რომ პლაკატების უმეტესობა არ იყო დაზიანებული.

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, მცხეთაში, ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში უხეშად ჩაერივნენ.

ანგარიშის მიხედვით, კოალიციის მცხეთის შტაბის ხელმძღვანელი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე საოლქო საარჩევნო კომისიაში სიით მივიდნენ და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად მათთვის სასურველი პირების არჩევა მოითხოვეს.

“კოალიციის მცხეთის შტაბის ხელმძღვანელი გიორი გოგიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე მადონა ჯიქია საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდნენ სიით და მოითხოვეს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად მათთვის სასურველი პირების არჩევა. საოლქო კომისიის წევრებმა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს დაუდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა თხოვეს, მათი გვარების გასაჯაროებისაგან თავი შეეკავებინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მადონა ჯიქია აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთხელ იყო მისული მეგობრების სანახავად.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” მე-6 შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 7-24 ოქტომბრის დროს გამოვლენილ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს მოიცავდა.

“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიებიდან და კანდიდატებიდან ყველაზე მეტი – 199 შეხვედრა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“ – 85 შეხვედრა, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველომ“ – 76 შეხვედრა.

ანგარიშში აღნიშნულია: „დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ორი ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მოქალაქეზე. ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტის მიმართ“.

კომენტარები