ამ არჩევნების მეორე დღეს უჩვეულოდ გახარებული ვარ. ვფიქრობ, რა მიხარია. მარგველაშვილის გამარჯვება? – არა! რადგან ხელისუფალი – ხელისუფალია და თუ არ აკონტროლე და მოსთხოვე, მის ხელქვეითებთან ერთად, ორგანიზებულ დამნაშავე ჯგუფად იქცევა, ისე, როგორც წინამორბედები. თუმცა, ბურჯანაძის ან ბაქრაძის გამარჯვება კიდევ უფრო არ გამიხარდებოდა ისევე, როგორც საქართველოს უდიდეს ნაწილს. ამ შემთხვევაში, მეინსტრიმული ვარ.

მიშას წასვლა რომ მიხარია, ფაქტია, ვერ დავმალავ, ბოლოს მაინც ძალიან რომ აუვარდა დაუსჯელობით გაგულადებულს. იყო შიში, უსამართლობა, დიდი კორუფცია, ნეპოტიზმიც და ფაშიზმიც. ის პოლიციური ჯოჯოხეთი რომ მახსენდება, თან მაცინებს და თან მაბრაზებს ძალიან, ის ყოფილი ჟურნალისტი, აი, სათვალეს რომ ცხვირის უღელზე ჩამოიდებს და ჭკვიანის გამომეტყველებითა და თითისქნევით, ჭკუას რომ ასწავლის ახალ ხელისუფლებას.

ეს ხელისუფლებაც უდავოდ მკაცრად საკრიტიკებელია, მაგრამ ამას ირმა ნადირაშვილი და მისი თანაგუნდელები როცა აკეთებენ, მერე დამსახურებულ კრიტიკას და გამკრიტიკებელსაც ფასი ეკარგება, რადგან ნადირაშვილობას და ჩიორაობას სწამებენ და ეს ხელისუფლებაც ტუტუცდება ამასობაში. ბევრს ეშინია, ამ იარლიყის და კრიტიკისგან თავს იკავებს. ეგ უკვე ცუდია ძალიან.

და ამაზე უფრო კიდევ ის მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, დავუმტკიცეთ საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს, რომ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეგვიძლია. რომ თავმოყვარეობა და ღირსება გაქვს და არ ვირჩევთ ძალაუფლების მანიით შეპყრობილ, პატივმოყვარე და ორატორული ნიჭით შეფუთული დემაგოგიით თავბრუდამხვევ ნინო ბურჯანაძეს. ამაში აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა 10 წლიანი მმართველობით ატრენინგა ხალხი.

ამიტომაც, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ცოტა ბრიყვული, მაგრამ მაინც გულწრფელი “ფულიანი კაცი” გვირჩევნია ისევ, პირდაპირ იტყვის მაინც. ამასთან, ასეა თუ ისე, მადლიერებაც გამოვხატეთ და იმ საშიში ძალის დამმარცხებელთ ვანდეთ ქვეყანა. ეს უკვე კარგია, ისევე, როგორც ზოგადად ცვლილება.

და აი, რატომაა კარგი: ხალხმა საკუთარი, ასევე გულწრფელი (ბრიყვულია თუ არა, ამას მაინც დრო აჩვენებს) არჩევანით, თავად აიღო პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე, რაც საქართველოში მხოლოდ ორჯერ მოხდა: გამსახურდიას არჩევის დროს და სააკაშვილის პირველად არჩევის დროს. გამსახურდიას შემთხვევაში, ვიცით რაც მოხდა, სააკაშვილმა კი უზარმაზარპროცენტიანი ნდობის პირველივე ვადაში გაფლანგვის შემდეგ, მართვის ძალადობრივი მეთოდი აირჩია, შესაბამისად, არც თავად ჰქონდა ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ვერც ხალხი თხოვდა სათანადო პასუხს, რადგან მისი რჩეული აღარ იყო. ამიტომ გახდა პრეზიდენტისა და ხალხის ურთიერთობაც ბატონ-ყმური.

ბიძინა ივანიშვილს კი, გუშინდელი არჩევანით ხალხმა შანსი კიდევ მისცა და ამასთან ორმაგი პასუხისმგებლობა დააკისრა – მის და მისი რჩეული კანდიდატის ნაცვლად, რომელიც ან უნდა შეასრულოს, ან წინამორბედზე უსწრაფესად გაფლანგავს ნდობას.

ამასთან, მე არ მომწონს და არ მიხარია, ამ მოძალადე ძალის მიერ მეხუთედი ხმის(20%) მიღება. არ მომწონს, როცა პრემიერიც და პრეზიდენტიც, პუტინ-მედვედევივით, არათუ ერთი გუნდიდან, არამედ უახლოესი ადამიანები არიან. (მიშას გამარჯვების შემთხვევაშიც, პუტინ-მედვედევი გამახსენდებოდა.) ასევე არ მომწონს, ამომრჩევლის 45 %-ის ნახევრით არჩევა ადამიანის, რომელიც მომავალი 4 წელი მმართველობაში უნდა იყოს. მაგრამ მაინც ოპტიმისტურს დავიჭერ, იქნებ ამასაც ამ ორმაგმა პასუხისმგებლობამ და საზოგადოების აქტიურობამ უშველოს, ისევე, როგორც ძალიან ცუდ წარსულსა და გამოცდილებას, რომელიც გუშინ მართლაც დამთავრდა.

კომენტარები