„ყველაზე მეტად გული მტკივა სულგაყიდული პოლიტიკური სპექტრის გამო, რომლიდანაც არაფერი გამოვა, მწვანე დოლარებზე იყიდებიან დასტა-დასტა. დღესაც გამოვიდნენ ნინოდან დაწყებული და 0,1%-იანი პარტიებით დასრულებული და მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება აი, ამ არსებას (მარგველაშვილს) და აღიარეს არჩევნები შემდგარად… ნინო ბურჯანაძეს დაუწერეს 10%, ეს იმის გარანტიაა, რომ 1 მილიონს მიიღებს ბიუჯეტიდან ოფიციალურად. ეს იყო გარიგება ზუსტად“,- განაცხადა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.
მისივე თქმით, გარიგება რომ არ ყოფილიყო, ბურჯანაძე იურისტია და კარგად ნახავდა, რომ არჩევნები არ შედგა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებზე დაბალი აქტივობა იყო. ნათელაშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაურიგდა და მეორე ადგილი და ოპოზიციის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოს კანონმდებლობით, 10%-იანი ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონიან დაფინანსებას იღებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ დღეს არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და დამარცხება აღიარა.
“იმ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა. ამის მიუხედავად, მე ვაცხადებ, რომ არჩევნები შედგა. ფაქტია, რომ ამომრჩევლების უმეტესობამ ხმა მისცა ივანიშვილის კანდიდატს. წინასაარჩევნო პერიოდში იყო განუსაზღვრელი თავისუფლება წინა წელთან შედარებით, თუმცა ამის მიუხედავად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანობის, თანასწორობისაგან და ევროპული არჩევნებისაგან ძალიან შორს იყო. ეს არჩევნები ჩატარდა “ნაცმოძრაობის” მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული უსამართლო საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ეს სისტემა კარგად მოირგო. გუშინდელმა დღემ ნათლად დაანახა მთელ საქართველოს, რომ კოჰაბიტაციით ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, 28 ოქტომბერს მივიღეთ მჭიდრო თანამშრომლობა ორ დიდ სახელისუფლებო ძალას შორის. ეს არის იმის შედეგი, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის მოხდა სამარცხვინო და ცინიკური გარიგება”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები