მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი საყვარელი საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ ორჯერ მომეცით შესაძლებლობა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის პრეზიდენტის რანგში.

პატივთა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას. შესაძლებლობათა შორის, არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გქონდეს შესაძლებლობა დაეხმარო სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში.

მინდა მადლობა გითხრათ და თქვენთან ერთად გავიხსენო, თუ რას მივაღწიეთ ერთად და რა არის ჯერ კიდევ მისაღწევი; მინდა გავიხსენო გზა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ და გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს; ის დაბრკოლებები, რომლებიც ერთად დავძლიეთ და პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კვლავაც გადასაჭრელი აქვს.

მინდა მოგმართოთ თქვენდამი სრული ნდობით, თავმდაბლად გაგანდოთ ჩემი აზრები და გაგიზიაროთ ღრმა ემოციები, გადაგიშალოთ გული და ჩაგახედოთ ჩემს სულში.

მოდით, ცოტა ხნით ყველა მოვწყდეთ ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობას; მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ჩვენი კამათი, დაპირისპირება, პოლემიკა და ერთად დავფიქრდეთ რა შეცვალა ბოლო ათმა წელიწადმა, რას ნიშნავდა ის ჩვენთვის, რა უძღოდა მათ წინ და რა უნდა მოჰყვეს შემდგომში.

მოდით, რამდენიმე წუთით დავივიწყოთ, პარტიული, რელიგიური, ეთნიკური განსხვავებები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე – რას ნიშნავდა ეს ათი წლის წინათ, რას ნიშნავს ეს დღეს და რას უნდა ნიშნავდეს მომავალში”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ყველანი საქართველოს შვილები ვართ და გასაყოფი არაფერი გვაქვს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სუფრასთან სადღეგრძელოების წარმოთქმა საკმარისი არ არის.

„ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს იყო ქართველი და რა ვალდებულებას გვაკისრებს სამშობლოს სიყვარული.

მას შემდეგ, რაც ზრდასრულ ასაკს მივაღწიე, დავიწყე ქართველობის ჩემეული ცნების ძიება, რას ნიშნავს ეკუთვნოდე ამ ერს; მინდოდა მომეძებნა ეროვნული იდენტურობის ისეთი განმარტება, რომელიც, ერთი მხრივ, ერთ მუშტად შეკრავდა ჩვენს ასე ხშირად დაქსაქსულ და ასე დაქუცმაცებულ ერს, ხოლო, მეორე მხრივ, იქნებოდა იმდენად პროგრესული, რომ გარდაუვალი გახდებოდა ჩვენს ოჯახში , თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნება”,-განაცხადა სააკაშვილმა.

“მე არ დავღლილვარ და არც დავიღლები და სადაც არ უნდა ვიყო, შრომასაც გავაგრძელებ და ბრძოლასაც. არასდროს დავივიწყოთ ის, რომ ქვეყნის წინსვლასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში ჩვენ, როგორც ერს, დასვენების დრო არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება”,-განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, “ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს”.

მან კიევის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებისას კიბეებზე დაცემის მომენტი გაიხსენა.

“უნივერსიტეტის წინ ველოდებოდი შედეგების გამოცხადებას და გამოცხადდა, რომ, როგორც ოქროს მედალოსანი, ერთი გამოცდით ჩავირიცხე, თბილისის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბე ავირბინე და ზუსტად კიბის ბოლოს ჩავიფორთხილე და დავეცი. იქ მდგომი მილიციელი წამოდგომაში დამეხმარა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა ის, რაც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, მთავარი დაცემა კი არა, არამედ ფეხზე წამოდგომაა და შენ ახლა ყველაფერს თავიდან იწყებ, ყველაფერი წინ არისო.

მე ყოველთვის თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიქნები, თუმცა სხვა შესაძლებლობებით და სხვა შენობიდან. რაზეც უარი არასდროს მითქვამს არის ის, რომ ყოველთვის ვიქნები ჩვენი ამაყი ქვეყნის ამაყი მოქალაქე, ერთ-ერთი მრავალთაგანი თქვენს შორის, ჩემო დებო და ძმებო, ჩვენი საყვარელი საქართველოს შვილებო”,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას კიდევ ერთი გეგმა დარჩა შეუსრულებელი. “ადრე ხშირად მითქვამს და ეს ასეა, რომ სოხუმი ძალიან ხშირად მესიზმრება. ჩემთვის სოხუმი იდეალური ქართული ქალაქია – ლამაზი, თბილი, სრულიად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და აღმსარებლობის ხალხით დასახლებული, რომლებიც სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან ერთმანეთთან, სადაც ნიჭიერება და პატიოსნება ფასდება და ხალხი თავის შრომით ახდენს სასწაულებს.

ეს სოხუმი აღარ არსებობს, ვინაიდან ჩვენმა დამპყრობლებმა დროებით გაანადგურეს. რუსეთი იქიდან გარდაუვლად წავა და ჩვენ ჩვენს სიზმარს ცხადად ვაქცევთ. თუმცა მანამდე მე დავიწყე ლაზიკას მშენებლობა. ჩემი გეგმით, ლაზიკა უნდა ყოფილიყო ისეთივე ქალაქი – წარმატებული, მომავალზე ორიენტირებული, დღე და ღამე მუყაითად მშრომელი ხალხით დასახლებული, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხით და უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეებით დასახლებული. ქალაქი, სადაც ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაური კავშირებით კი არა, ნიჭითა და შრომით იკვლევენ გზას. ქალაქი, სადაც უსამართლოდ ვერავის დაჩაგრავენ. სწორედ მათ უნდა გაეერთიანებინათ ის გამოცდილება, რომელიც მივიღეთ ბათუმის, ქუთაისის და სხვა ადგილების აღმშენებლობით და მთელი მსოფლიოს დასანახად და აღსაფრთოვანებლად უნდა შეექმნათ ახალი ქართული სასწაული.

ამ სასწაულის შექმნა, ისევე, როგორც ჩემი ოცნების, რომელიც თითქმის განვახორციელე და ბოლოს შემიჩერეს – ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა ახალ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას – დროებით გადაიდო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დროებით და ის აუცილებლად გაკეთდება. თუ ამას მე ვეღარ შევძლებ, “მიშასდროინდელი ახალგაზრდობა” მიიყვანს ბოლომდე”,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები