ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ 250-მდე ადამიანის შეწყალებას არაადეკვატურ გადაწყვეტილებას უწოდებს, მისი თქმით, სააკაშვილმა დამნაშავეები გაათავისუფლა და ამით ქართველი ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.

„კიდევ ერთხელ, სააკაშვილმა სცადა ჩაეფურთხებინა ქართველი ხალხის სულში, გულში… საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ ახერხებდა ეს ადამიანი 9 წლის განმავლობაში კრიმინალებისთვის ხელის დაფარებას,“- განაცხადა კახა კალაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, სააკაშვილი ბევრ გახმაურებულ საკითხში მონაწილე პირებს მფარველობდა. ვიცე-პრემიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანები ახალი მთავრობის პოლიტიკური დევნის გამო იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები.

„არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ან რომელი იყო ასეთი, რობაქიძის მკვლელობის საქმესთან კავშირში მყოფი ადამიანი, თუ ადეიშვილის ძმა, რომელიც ძებნაში იყო. ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო სააკაშვილის მხრიდან,“- აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, სააკაშვილისგან „სიურპრიზები“ მომავალ დღეებშიც არ არის გამორიცხული.

კომენტარები