პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკო მინაშვილმა ეკა ბესელიას ფეოდალი უწოდა და თვითმმართველობის ზეწოლში დაადანაშაულა. აღნიშნულზე ბესელია Tspress – თან კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ ის თავის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს.

ბესელიას მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის ერთ-ერთ ფაქტრად მინაშვილმა სხდომაზე Tspress -ზე გამოქვეყნებული სტატია „ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა [Video]“ მოიყვანა.

“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, თუ როგორ ემუქრებით, აშინებთ ზეწოლას ახორციელებთ თქვენ როგორც ფოთის მაჟორიტარი ფოთის მერზე. შეგახსენებთ, თქვენ არა ხართ მისი ხელმძღვანელი ეს არის პირდაპირი ჩარევა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეს არის განცდა იმისა, რომ თქვენ ხართ ბატონ-პატრონი გარკვეული ფეოდალი და ამაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს“- განაცხდა მინაშვილმა.

ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელია მუქარის ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომპეტენციითა და პარალამენტის რეგლამენტით მოქმედებს.

მისი განცხადებით, მინაშვილის განცხადებამ ფოთის მერის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ყოფნა დაადასტურა.

„ნაციონალების დასაცავი, რომ ხდება სარსანია, ეს უკვე მეტყველებს ვისი დავალებებით მოქმედებს იგი. მოხარული ვარ, რომ გახდა საჯარო ეს. ამაზე ჩვენი ფოთის გუნდი დიდი ხანია საუბრობს, ყავდეს მინაშვილი დამცველად სარსანიას. რაც შეეხება ჩემს კომპეტენციას ვინც დღემდე ვერ გაერკვა კარგად წაიკითხოს პარლამენტის წევრის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება და პარლამენტის რეგლამენტი“- განაცხადა TSpress – თან საუბარში ბესელიამ.

მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევის დროს, ის მერს კანონდარღვევის ფაქტზე მიუთითებდა, თუმცა კონკრეტულად რა კანონდარღვევას ქონდა ადგილი ბესელიას არ განუმარტავს.

„რიგით მოქალაქესაც კი აქვს უფლება აკონტროლოს მერია არათუ მე. მე ვალდებული ვარ, კანონდარღვევები გამოვავლინო. მერი სარსანია იმ დღეს არღვევდა კანონს და მე ეს ვუთხარი. მისი მოყვანილი საჯარო მოხელეები პარტიის თავმჯდომარეს კაკულიას მინისტრის თანდასწრებით უწყობდნენ ისტერიკას და მერი ამას კმაყოფილი უყურებდა. ამაზე მქონდა რეაქცია. კანონს ვინც არღვევს ნებისმიერის მიმართ ვიქნები შეურიგებელი“- განაცხადა ბესელიამ.

ფოთის მერი, დავით სარსანია მის “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მაჟორიტარს თვითმმართველობაში ჩარევის უფლება რადგან არ მისცა “ბესელიამ მის წინააღმდეგ სხვა მიზეზი ვერ მოიფიქრა.

“შესაძლოა აკო მინაშვილმა პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად ეს ფაქტი გამოიყენა, მაგრამ მეორეა რეალობა.”- აღნიშნა სარსანია.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს, ფოთში, დევნილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრაზე ფოთის მერიის თანამშრომლებ, მარინა ღლონტს, შორენა მირცხულავსა და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბესელია ფოთის მერს შელაპარაკების გამიზნულად გამართვას აბრალებდა

“ხალხი დანიშნე, რომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს მართავს. აი, ამის პასუხს მოგთხოვ! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!..”- ამ სიტყვებით, თითის ქნევით მიმართა ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელიამ, ქალაქის მერს.

ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაჟორიტარის განცხადებით, ის მერით იმედგაცრუებულია. მერი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ის თვითმმართველობის კომპეტენციაში უხეშ ჩარევის გამო დაუპირისპირდა.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი, კახი კახიშვილი განმარტავს როგორ უნდა ურთიერთობდეს და რა ფორმით უნდა ერეოდეს დეპუტატი თვითმმართველობის საქმიანობაში.

„დეპუტატს შეუძლია პარლამენტში დაიბაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, თუმცა ეს საკითხი უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, მწვავე და ერთადერთი გზა სიმართლის დადგენის მხოლოდ ამ ადამიანების პარლამენტში მოსმენაა და ისიც არა რომელიმე დეპუტატთან პირისპირ შეხვედრა უნდა იყოს, არამედ საკომიტეტო მოსმენა“ – აცხადებს კახიშვილი.

ამავე თემაზე:

ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა [Video]

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

“ქართულ ოცნების” ფოთის შტაბმა კანონით აკრძალული ადმინისტრაციული რესურსი მოითხოვა

საქმის გარჩევა “ტოიოტა პრადოს” გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორის

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ბესელიასა და ფოთის მერს შორის

ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

ბესელიას კადრის მიერ 1000 ლარით გაზრდილი ხელფასი და 42 ათასიანი მანქანა

იგივენი და ფოთის მერი…

ჟურნალისტზე თავდამსხმელები “ქართულმა ოცნებამ” დააწინაურა

კომენტარები