ნადარეიშვილის თქმით, წლის დასაწყისში მისი მეუღლის ძმის დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული წერილი, სადაც ის ყველა უბედურების სათავედ ქვეყნის ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს ასახელებდა, ყალბი იყო. „ეს იყო მითქმა-მოთქმა, რომელიც არ დადასტურდა.

დათას წერილი არ დაუდასტურებია ოჯახის წევრებს. პირდაპირ შემიძლიათ გითხრათ, რომ „ფეისბუქი“ საერთოდ არ გააჩნია,“- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, მერაბიშვილთან ახალაიებს დაპირისპირება არ ჰქონიათ და ყველა იყო გუნდში, რომელიც საერთო საქმეს აკეთებდა. ნადარეიშვილის მტკიცებით, ხელისუფლებას ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოსვლა იმიტომ არ უნდა, რომ იგი ყველა ბრალდებაზე პასუხს გასცემს და ხალხს სიმართლეს ეტყვის.

ის არ გამორიცხავს, რომ მის მეუღლეს უკვე წაყენებულ ბრალდებებს არ აკმარებენ და კიდევ ბევრ ბრალს წაუყენებენ.

შეგახსენებთ: 3 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ბაჩანა ახალაია შეიწყალა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე წაყენებული ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელი – 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მოუხსნა. ამის შემდეგ „ფეისბუქის“ მეშვებით ბაჩანა ახალაიას წერილი გავრცელდა, რომელშიც ვანო მერაბიშვილის დამსახურებებსა და პოლიტიკურ დევნაზე იყო საუბარი. რამდენიმე თვის წინ კი „ფეისბუქით“ დათა ახალაის სახელით გავრცელდა წერილი, რომელშიც ვანო მერაბიშვილი გაკრიტიკებული იყო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ყველა უბედურების მიზეზად სახელდებოდა.

კომენტარები