„ამდენი ხანი რატომ არავინ არაფერი მკითხა… პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია, თორემ თქვენ აუცილებლად გეცოდინებოდათ, დიდი ამბავი იქნებოდა პრესაში. თუ ეს კითხვები ლეგიტიმურია, რატომ არავის გაუჩნდა,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას ყველანაირი საშუალება აქვს იმისთვის, რომ თუ რამე კითხვები გააჩნია პასუხები მიიღოს და ცილისწამება დაასრულოს.

„დასვან კითხვები, თუ რამე არსებობს ლეგიტიმური და ეს არ არის ტყუილების ნიაღვარი, რამაც ბევრი ადამიანი გაამწარა, ბევრს დააჯერეს, რომ პირსისხლიანები ვართ, დილა-საღამოს ბავშვებს ვჭამთ და გვამებზე სუფრა გვაქვს გაშლილი და კუბდარს მივირთმევთ,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ და აღნიშნა, რომ აფრასიძეების დროს სვანეთში მშვიდად ვერავინ ცხოვრობდა.

„თუ ვინმე გყავთ ეთნიკურად სვანი, ვისაც შეხება აქვს მესტიასთან, უბრალოდ ჰლკითხეთ და გეტყვიან, რა იყო აფრასიძეების ეპოქაში. იმ ადამიანებს იქაურები ჰყავთ მოკლული,“- განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, აფრასიძეებმა სპეცოპერაციის დაწყებამდე ცეცხლსასროლი იარაღით ის ვერტმფრენიც დააზიანეს, რომელშიც სპეცრაზმელები ისხდნენ.

„ვერტმფრენი რომ ჩამოვარდნილიყო, 20 სპეცრაზმელი პირდაპირ იქ ამოიჟუჟებოდა. ამას რომ გააკეთებ, ის სპეცრაზმელი, ბუნებრივია, გესვრის. ჩვენ დიდი ძალა გავუშვით იმ დროს სვანეთში და სხვას იქ ერთი ტყვიაც არ გაუსვრია. ახლა წარმოიდგინეთ იმდროინდელი სვანეთის სოფელი, აფხაზეთის ომების შემდეგ, რომელშიც თუნდაც ერთი ავტომატი არ იქნებოდა – ეს ხომ გამორიცხულია. იქ რომ დიდი ძალა არ გამეგზავნა და 50 კაცი გამეშვა, 50 პოლიციელის გვამს ჩამოვიტანდი,“- განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში, გიორგი ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 2004 წლის 5 მარტს სპეცოპერაცია ჩატარდა. დაბომბვის დროს მამა-შვილი ომეხ და ევგენი აფრასიძეები დაიღუპნენ. სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს გოჩა და შმაგი აფრასიძეები, რომლებიც პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს და მათ 20 და 18 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებმა საპატიმრო მიმდინარე წლის თებერვალში ამნისტიის შედგად დატოვეს.

კომენტარები