ერთადერთი ფაქტორი, რატომ შეიძლება არ დაიჭირო მიშა, ისაა რომ მიშამ არ დაიჭირა შევარდნაძე. ანუ თითქოსდა ტრადიცია შეიქმნა, თან იმ ფონზე, რომ ზვიად გამსახურდია მოკლული იქნა საქართველოში იარაღით. მოკლეს თუ თავი მოიკლა, სხვა საქმეა.

თუმცა, შევარდნაძის დაჭერა, ლამის გორბაჩოვის დაჭერას გაუტოლდებოდა და ცხადია „დასავლეთი“, რომელსაც გორბაჩოვზე ახლაც აბოდებს, წითელს აუნთებდა მიშას. ყველა უცხოელი უცხო თვალით უყურებს საქართველოს. ნებისმიერი ევროამერიკული პოლიტიკოსისთვის მიშა რუსეთთან „ბრძოლის“ სიმბოლოა უპირველესად. მაგრამ ჩვენ ვისთვის ვაშენებთ ქვეყანას? ჩვენთვის თუ მსოფლიო ბანკის რეიტინგისთვის?

29 ნოემბრის მერე, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება და ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება პრემიერი, სამართალმა თავის სიტყვა უნდა თქვას. რეალურად რა სანქციები შეუძლია განახორციელოს „დასავლეთს“ საქართველოს წინააღმდეგ, თუ სააკაშვილი დაპატიმრებული იქნება?

ფინანსური არა მგონია, ბიძინას „თანადაფინანსების ფონდი“ წლიურ უარყოფით სავაჭრო სალდოს აღემატება. გერმანია და საფრანგეთი ნამდვილად არ აღშფოთდებიან სააკაშვილის გამო.

დღეის მდგომარეობით შვედეთი ვატყობ ერთადერთია, ევროპული ქვეყნებიდან, ვინც მიშას „გადაეფარება“. საქართველოს სახელმწიფოს, სასამართლო სისტემას უნდა შერჩეს მორალური უფლება ნემსის ქურდებსაც მოთხოვოს პასუხი. სააკაშვილის მომავალი ტესტია, ვართ თუ არა სახელმწიფო.

არსებობს და იარსებებს თუ არა სამართალი ამ ქვეყანაში. მისთვის ბრალის არწაყენება იქნება სწორედ შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად ანგაჟირებული ქმედება.

ეს თუ არ მოხდა, ნებისმიერ „არასისტემურ“ დამნაშავეს ექნება მორალური უფლება კითხოს საქართველოს სამართალდამცველ სისტემას, სასამართლოს – ნამუსი გაქვთ? ცხადია, მიშას დაპატიმრების მეორე დღესვე მსოფლიო პრესაში სათაურები გადაჯეჯილდება:

„ყოფილმა რუსმა ოლიგარქმა პროამერიკული ლიდერი დაიჭირა!“, „პუტინი ხარობს!“ და ა.შ., მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ტექნიკურადაც. მაგალითად დიდი, რბილი სავარძელი დაუდგათ ჰამერბერგს სასამართლოს სხდომათა დარბაზში. თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპოვება რთული პროცესია. მაგრამ ალტერნატივა გვაქვს?

კომენტარები