ბარამიძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხით კონკრეტული ადამიანები მისი მეგობრების ცილისწამებას ცდილობენ და ტელეეთერებში ბოლო დროს იმიტომ მიდის, რომ ამ საკითხზე არსებულ კითხვებს პირადად უპასუხოს.

„თუ გამოძიება დაადგენს, რომ ზურა მოკლულია და დაიჭერს მკვლელებს, დამკვეთებს და იმ ადამიანებს, ვინც ეს იცოდა და დამალა, რა თქმა უნდა, მეც იმ გამოძიების გვერდით ვიქნები,“- განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემით სპეკულირება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და მიცვალებულმა საფლავში, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა კიდევ ამ სამყაროში უნდა დაისვენონ.

ბარამიძე ამბობს, რომ პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს. „ახალი პროკურორის კი არა, რუსის ჯარის არ შეგვშინებია,“- განაცხადა ბარმიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად იმ დროს გაზით გაგუდვა დასახელდა. ჟვანიას საქმეს პროკურატურა დღეს კვლავ იძიებს.

კომენტარები