ცესკოს პრესსპიკერის ეკატერინე აზარაშვილის თქმის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთივლიშვილის ფაქტი არ განუხილავს, რადგან მას ცესკოში საჩივარი არ შეუტანია.

“მთივლიშვილი იღებდა საარჩევნო დოკუმენტაციას, ამის გამო მას უბნის დატოვება მოსთხოვეს. მთივლიშვილს ცესკოსთვის განცხადებით არ მოუმართავს , შესაბამისად, მოცემული საქმე განხილვაში არ გვაქვს” – აღნიშნა TSpress – თან საუბრისას აზარაშვილმა.

გელა მთივლიშვილმა გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მომხდარიდან რამდენიმე დღეში მიმართა, თუმცა, მისივე განცხადებით, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

“მიმაჩნია, რომ ინციდენტი რაც იქ მოხდა, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომაც მივმართე პროკურატურას, რომელმაც ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა. ცესკოს კი რაში სჭირდებათ მიმართვა, როცა ფაქტი გახდა საჯარო, გავრცელდა ვიდეომასალა. სად წერია, რომ თუ წერილობით არ მიმართავ, რეაგირება აკრძალული აქვთ?” – განმარტავს მთივლიშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ლელა ტალიურის განმარტებით, ცესკო–ს მოცემულ ფაქტზე რეაგირება უნდა მოეხდინა, მიუხედავად იმისა, რომ მთივლიშვილს საჩივარი არ დაუწერია.

“ცესკოში აცხადებენ, რომ მთივლიშივილი დოკუმენტაციას იღებდა და ხელს უშლიდა კომისიას მუშაობაში, თუმცა გავრცელებული კადრებით, არანაირი ხელშეშლა კომისიისთვის არ ჩანს. როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო მოესმინა ორივე მხარის პოზიცია და საქმე საკუთარი ინიციატივით გამოეძია”– განმარტავს ტალიური.

შეგახსენებთ, რომ კახეთის საარჩევნო კომისიის წევრებმა და საარჩევნო უბანის თავმჯდომარემ ივანე სეფიაშვილმა 27 ოქტომებერს, ყვარელის 16 საარჩევნო ოლქის მე–14 ჭიკაანის საარჩევნო უბანი არჩევნების დღეს ჟურნალისტს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მთივლიშვილი უბანზე საარჩევნო დოკუმენტაციებს იღებდა, რის გამოც მას სთხოვეს დაეტოვებინა უბანი.

კომენტარები