“საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცესკოში შესული 366 საჩივრებიდან, 100 საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია“- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო განყოფილოების სპიკერი ეკა აზარაშვილი. მისი განცხადებით, არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

რაკი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არავის მიუმართავს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დარღვევად არ მიიჩნია, ყვარლის საარჩევნო ოლქის ჭიკაანის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტი, სადაც ჟურნალისტი საარჩევნო უბნიდან გამოაგდეს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი ახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებული ვიდეო მასალითაც დასტურდება. ამ ინციდენტთან დაკავშირებით „ადეკვატური რეაგირება“ მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა.

„ყვარელში, ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ივანე სეფიაშვილმა და კომისიის სხვა წევრებმა უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს არჩევნებზე აკრედიტებულ ჟურნალისტს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გელა მთივლიშვილს. შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ცესკომ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება. პირიქით, ცესკოს პრესსპიკერმა, ეკა აზარაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ თითქოსდა გელა მთივლიშვილი იღებდა საარჩევნო დოკუმენტაციას, რის გამოც მას მოსთხოვეს დაეტოვებინა უბანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა შეისწავლა გელა მთივლიშვილის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტს საარჩევნო დოკუმენტაციის გადაღება არც უცდია. მას კომისიის თავმჯდომარე თავიდანვე აგრესიულად შეხვდა და აუკრძალა გადაღება (რისი უფლებაც ჟურნალისტს კანონით აქვს მინიჭებული), შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფით და ძალის გამოყენებით გააძევა უბნიდან“ – ნათქვამია უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიის საშუალებით, ცესკოს მიმართა ობიექტურად და მიუკერძოებლად შეესწავლა ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი და იმავდროულად, მიმართა მთავარ პროკურატურას, დაეწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით.

გელა მთივლიშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია .

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოთხოვნას, გამოძიება დაწყებულიყო 27 ოქტომბერს, ყვარლის საარჩევნო ოლქის ჭიკაანის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყება და იმ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვა, რომლებმაც აკრედიტებული ჟურნალისტი კენჭისყრის შენობიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედატორის გელა მთივლიშვილის თქმით, ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის მე-14 ჭიკაანის საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. გელა მთივლიშვილის თქმით, ინციდენტში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ, ამ ყველაფერს კი კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი ხელმძღვანელობდა.

ჭიკაანის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და შენობიდან გაძევების ფაქტი არ დაადასტურა. მისი თქმით, მთივლიშვილი სამაგიდო სიებს იღებდა, რაზეც მიუთითეს, რომ არ შეიძლებოდა და მან უბანი საკუთარი სურვილით დატოვა.

„თუ კომისია ჟურნალისტს უკრძალავს გადაღებას და ის არ ემორჩილება, კომისიამ უნდა მიიღოს განკარგულება და იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი მაინც არ დაემორჩილება, უნდა გამოიძახოს პოლიცია. კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს არავითარ შემთხვევაში არ აქვთ უფლება, რომ ადამიანი ძალის გამოყენებით გააძევონ და მითუმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც ძალადობას ჰქონდა ადგილი“, – განუცხადა ნინა ხატისკაცმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

Qartli.gE – ს მიერ გადაღებული ვიდეო მასალის საფუძველზე და ცესკოს გადაწყვეტილებით, გორის რაიონის სოფელ ფლავის საარჩევნო უბნის დამკვირვებელს, პარტია ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორს ნინო მიდელაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი – 500 ლარიანი ჯარიმის სახით გამოუწერეს.

ნინო მიდელაშვილი სოფელ ფლავის საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის“ სახელით ახორციელებდა დაკვირვებას და Qartli.gE-თან ინტერვიუში ღიად აცხადებდა, რომ „მიესალმება „ქართული ოცნების“ გამარჯვებას!“. აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რადგან კენჭისყრის დღეს იკრძალება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენა და ასაარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობა.

ჟურნალისტის მიერ გადაღებული ვიდეოების შესახებ ცესკომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის საჩივრის საფუძველზე იმსჯელა.

მაჭავარიანის მეორე საჩივარი, ასევე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესში გადაღებულ სხვა ვიდეო მასალას ეხებოდა, სადაც საუბნო კომისიის წევრები გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას ოვაციებით შეხვდნენ, ხოლო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს – გიორგი მჟავიას დასცინეს, რაკი უბანზე 1 ხმა მიიღო.

ცესკომ მეორე ვიდეოს საფუძველზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან საჩივრის წარდგენა ცესკოში იმ დროს მოხდა, როდესაც ფლავის საარჩევნო უბნის წევრებს უფლებამოსილების ვადა უკვე შეწყვეტილი ქონდათ.

ყარაჯალაში, საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი დააჯარიმეს. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე ზურიკაშვილის განმარტებით, 22–ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველთა რაოდენობა შეცდომით შეიტანეს, რის გამოც დამკვირვებლებმა ჰეიდარ ალიევს შედეგების გაბათილების საჩივრით მიმართეს. კომისიის თავმჯდომარემ უბანი არ გააუქმა და საჩივარი განსახილველად საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცა.

ლაგოდეხის მე–15 საოლქო საარჩევნო კომისიამ 22–ე სოფელ ყარაჯალის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰეიდარ ალიევი 75 ლარით, მდივანი თემურ სულეიმანოვი კი 62 ლარით დააჯარიმა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ, საქმეში არასაკმარისი ფაქტების გამო, საუბნო საარჩევნო კომისიის ის წევრები უდანაშაულოდ სცნო, რომლებიც მარგველაშვილთან წინასაარჩევნო შეხვედაზე დასწრების გამო საოლქომ კანონდამრღვევებად მიიჩნია.

ფოთში საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედარზე კომისის 9 წევრი იმყოფებოდა, რის გამოც საოლქომ კანონდამრღვევებად კომისიის 8 წევრი სცნო და 7 მათგანზე 2-2 ათას ლარიანი ჯარიმის შესახებ გადაწყვეტიელბა მიიღო, ერთ–ერთ მათგანზე საყვედურით შემოიფარგლა, ხოლო ერთი შეხვედრის დროს კომისიის წევრად აღარ ირიცხებოდა.

რამდენიმე დღის წინ,სასამართლომ კომისიის 4 წევრზე: ომარ ზენაიშვილის, ნუკრი თოშხუას, პეტრე როყვას და გრიგოლ რუხაძეს აგიტაციაში მონაწილეობაზე იმსჯელა და ისინი კანონდამრღვევბად არ ცნო.

ცესკოში შესული საჩივრების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 3 უბნის შედეგები გაუქმდა. “თითო უბანი გაუქმდა თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში. შემოსული საჩივრების განხილვის შედეგად, უბნებზე დაწერილმა საჩივრებმა ნათლად აჩვენა, რომ სამივე უბანზე მთელი რიგი დარღვევები იყო, რამაც მიგვაღებინა შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება” – განაცხადა აზარაშვილმა TSpress-თან საუბრისას.

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების ვადა 16 ნოემბერია, მაგრამ აზარაშვილის თქმით, შედეგები საზოგადოებითვის უფრო ადრე გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N5

პრეზიდენტი არჩევნები – ბიულეტენი N4

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N3

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N2

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N1

კომენტარები