„წლების განმავლობაში მხოლოდ დაძაბულობა იყო და მივედით ძალიან რთულ სიტუაციამდე – 2008 წლის ომამდე, რომელიც იყო ნეგატივის პიკი და, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდება ასე, ეს პირველ რიგში, საქართველოსთვის არის ძალიან რთული, მითუმეტეს, იმ ისტორიული გადაწყვეტილებების წინ, როდესაც საშუალება გვეძლევა, ევროპის ასოცირებული წევრები გავხდეთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივით და ნატოსთან ახლო კავშირები დავამყაროთ,“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

მისივე თქმით, მარგველაშვილმა დეოკუპაციაზე მანამდე „ბი-ბი-სი-სთანაც“ ისაუბრა და ამ ინტერვიუში რუსულ ოკუპაციაზე არაერთხელ იყო საუბარი. „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყოველ შემთხვევაში, ყოველ შესაძლებლობაზე, ტელევიზიებით და ყველა ადგილას უნდა იყოს ესეთ მტკივნეულ თემაზე პირდაპირი საუბარი. პირდაპირ გეტყვით ამის შესახებ. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და მნიშვნელობა,“- განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ქვეყენბს შორის სიტუაციის განსამუხტად შეხების წერტილების პოვნაა საჭირო.

შეგახსენებთ: საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს, ამ ეტაპზე კი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი განიხილება.

გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოლოდინით უყურებს სოჭის ოლიმპიადას და იმედოვნებს, რომ სპორტული და კეთილი ნების ემოციის საფუძველზე გარკვეული სახის ახალი ურთიერთობები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ჩამოყალიბდება.

კომენტარები