„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში შემოსვლის დროს ნათქვამი ფრაზა – „შუა უნდა გაიკრიფოს“ კვლავ ძალაშია და ქვეყანაში პარტიების გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს და კონკურენტი პარტიების პოლიტიკური სივრციდან გაქრობა იგეგმება.

„ალბათ დამთხვევაა, მაგრამ ერთი საუკუნის წინ ერთი დიდი ქართველი, ისიც წარმოშობით საჩხერელი, ამბობდა, რომ „შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ ხან ცისა“ – ერთი საუკუნის მერე მეორე ქართველი ამბობს: შუა უნდა გაიკრიფოს – ერთ მხარეს ვარ მე და მეორე მხარეს გუშინდელი გალანძღული და დღეს ოპოზიციად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა,“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

კაციტაძე ივანიშვილის ამგვარი ტაქტიკით ხსნის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის და პირველი პრეზიდენტის ოჯახის მიუწვევლობას. მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მიერ დაგეგმილ მიღებაზე მოსაწვევი როგორც საკრებულოს წევრმა მიიღო, მაგრამ ეს პოლიტიკური ღონისძიება არ არის, ხელისუფლებას კი პოლიტიკური ღონისძიებიდან სურს ყველას გაკრეფა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

შეგახსენებთ, არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არიან მიწვეულები. ინაუგურაციაზე ასევე მიწვეულია ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

კომენტარები