მისი განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადების ცერემონია პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართება. მისივე თქმით, ეს ადგილი იმიტომაც შეირჩა რომ, ხარჯი ბევრად ნაკლები იქნება.

ბერიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია ლამაზი, სადა და დახვეწილი ღონისძიება იქნება.

„მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და გუნდი, ისინი საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ, დირიჟორი გიორგი ჟორდანია იქნება,“- განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, სოლისტის მიერ შესრულებულ ჰიმნს თავისებური ხიბლი აქვს, მაგრამ გუნდის მიერ შესრულებული განსხვავებული იქნება და მისი უპირატესობა მასშტაბურობა და ემოციის კუთხით შთამბეჭდავობა იქნება.

შეგახსენებთ: საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. ცერემონია 13:00 საათზე დაიწყება, დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდება და ქართული ტელეარხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

კომენტარები