„როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ეს არის ნამდვილად ევროპული გუნდი. ჩვენმა მინისტრებმა ამ ერთი წლის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან, ემსახურონ თავიანთ ხალხსა და ქვეყანას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ პრესკონფერენციაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ერთი წლის განმავლობაში თითოეული მინისტრი საქმეში გამოსცადა და მათი შეცვლა ამიტომაც აღარ უცდია. თუმცა ახალ სამთავრობო გუნდში ახალი მინისტრი მაინც იქნება – თბილისის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭიკაიძე თავად ღარიბაშვილს შეცვლის.

პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე ძველი გუნდის ხელახლა დასახელებული მინისტრები სფეროებს ინაურჩუნებენ და მინისტრის მოვალეობის სატატუსი აქვთ. მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პარლამენტი ოთხშაბათს, 20 ნოემბერს იმსჯელებს.

მანამდე კი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მომავალი მინისტრები საკუთარ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საუბრობენ.

„ენერგეტიკა იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი. ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ ამ დარგის განვითარებისა და გაძლიერებისთვის კონკრეტული გეგმები გვაქვს და მათ განხორციელებას ვეცდებით. ენერგეტიკის განვითარებისათვის ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ. ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი მოსახლეობის გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების საკითხებია. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმები არსებობს, თუ რომელ რეგიონში რა სამუშაოები შესრულდება. ამ გეგმებს პარლამენტში წარვადგენთ“, – განაცხადა ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ახალი წევრების დასახელების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ენერგეტიკის განვითარებაზე და ქვეყანას თუ ელექტროენერგია არ ექნება, ქარხნებსა და ფაბრიკებს ვერ ააშენებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ფანჯიკიძე კი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო კურსი უცვლელია და პრიორიტეტებად კვლავ რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის ამაღლებაზე მუშაობის პირობას დებს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური.

„უნდა გავაგრძელოთ კურსი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე მიგვიყვანა და რომელიც ქვეყანას გამარჯვებამდე მიიყვანს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეკონომიკური განვითარება ქვეყნის განვითარების დონეს დიდად განაპირობებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველოში ცხოვრების დონე ამაღლდეს, რათა თითოეულმა ადამიანმა რეფორმის შედეგები იგრძნოს“, _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.

თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ალასანია კი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა ძველის მსგავსად ეფექტიანი იქნება და მისი პრიორიტეტი განათლება, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა იქნება.

„გეგმები, რომელიც ერთმა გუნდმა ერთად შევიმუშავეთ, ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში კვლავ გაგრძელდება. ეს ეფექტური და მუშა მთავრობა იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერი, იმ გუნდთან მუშაობას აგრძელებს, რომლის წევრიც იყო. ერთმანეთი საქმეში მართლაც გამოვცადეთ,“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, თავდაცვის უწყება შეიარაღებულ ძალებთან ერთად თავდაცვით შესაძლებლობებს შექმნის. 2017 წლისათვის საქართველო მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადადის.

სხვა უწყებებისგან განსხვავებით სტრუქტურული ცვლილება იგეგმება თავდაცვის სამინისტროში, საუბარია გაერთიანებული შტაბის გენერალურ შტაბად გარდაქმნაზე. აღნიშნული ცვლილების საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაა. გახდება თუ არა გენშტაბის უფროსი გაერთიანებული შტაბის ხელმძვანელის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც მთავრობას პარლამენტი დაამტკიცებს და პრეზიდენტი და მთავრობა კონკრეტულ კანდიდატზე იმსჯელებენ.

კომენტარები