ამავე დროს ორივეს „ხელისუფლების წყაროა ხალხი“, კონსტიტუციის 5–ე მუხლთან შესაბამისობაში, რომელიც ენდო ერთ კონკრეტულ პირს. ღარიბაშვილის საქმიანობის მამოძრავებელი იმპულსი ალბათ თვითდამკვიდრება იქნება. უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია პირველობის. არადა წინაპირობები სერიოზული აქვს.

ცხადია, მთავარი საზრუნავი ეკონომიკა ექნება. როგორც გაირკვა, ანტიმონოპოლური კანონმდებლობა წლის ბოლომდე დამტკიცდება – ამგვარად, ელიტარულ კორუფციას საფუძველი სამომავლოდაც გამოეცლება. კოჰაბიტაცია, ანუ პერიოდი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ანტირეკლამით იყო დაკავებული, დამთავრდა. არაპროგნოზირებადი ხელისუფლება აღარ გვყავს.

თანადაფინანსების ფონდის მოცულობა წლიურ უარყოფით სავაჭრო სალდოს აღემატება. როგორც კი ეს ფული ეკონომიკაში შემოვა, კომერციული ბანკები იძულებულები იქნებიან სასესხო განაკვეთი დაწიონ. ხადურს კი ლანძღავენ ნაცები, მაგრამ ერთი ფაქტია საგულისხმო: საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყნის ექსპორტი 16%–ით გაიზარდა, იმპორტი კი 4%–ით შემცირდა.

მე მგონი, წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გაიზრდება. სხვთა შორის რუსეთის გახსნილ ბაზარზე ღვინის, ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადატვირთვის ხარჯზე. ამერიკის დელეგაციის დონე არ მოეწონათ ინაუგურაციაზე, მაგრამ USAID–ის ხელმძღვანელის ჩამოსვლა იმასაც ნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება ფაქტიურად ქვეყნის სტატუსს ცვლის.

ინვესტორებისთვის ბევრი პოზიტიური ნაშანია. ერთი სიტყვით, ღარიბაშვილს. ჩვეულად, „ხუთოსნურად“ თუ იმუშავა და რაიმე სერიოზული შეცდომები არ დაუშვა, ყველა შანსი აქვს წარმატების. ეკონომიკაში არის მახასიათებელი „მომხმარებელთა რწმენის ინდექსი“ (Consumer Confidence Index, CCI) – რატომღაც მგონია, მომავალ წელს ამ დროს შესამჩნევი ზრდა გვექნება.

რა რჩება პრობლემად?

შსს ისევ მონსტრია და ამ მონსტრის სათავეში მოყავთ ბიჭი, „ისტორიკოსი“ რომელმაც 3 წლის წინ დაიწყო პოლიციაში მუშაობა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავს არაფორმალური ხელმძღვანელიც. ვინ? ღარიბაშვილი, თამაზაშვილი თუ ისევ ბიძინა, არ ვიცი. იმედია, უსუფაშვილი მაინც ეუბნება ივანიშვილს, რომ შსს დასაშლელია. როდის ჩაატარებენ ამ რეფორმას არ ვიცი. წესით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მაინც პატრულმა მუნიციპალური პოლიციის ფუნქციები უნდა შეიძინოს. უშიშროება, გამოძიება და საზღვრის დაცვა ცალკე სტრუქტურებად ჩამოყალიბდება. სხვა შემთხვევაში მათი „მუნდირის დაცვა“ შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს.

კომენტარები