შს მინისტრობის კანდიდატს ნეპოტიზმის თემაზე კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დაუსვა. ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ჭიკაიძის შს მინისტრის პოსტზე წარდგენა ნეპოტიზმის ნათელი მაგალითია.

ის დაინტერსდა, გაარძელებდა თუ არა ჭიკაიძე წინამორბედი მინისტრის ღარიბაშვილის გზას და მიიყვანდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მეგობრებსა და ახლო ნათესავებს. მანამდე კი ნათესაობის საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა.

მან ოპოზიციონერ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ნახევრად ხუმრობით მიმართა – „გავარკვიე, თურმე ჩვენ ნათესავები ვყოფილვართ, ამიტომ ან თქვენ მოგიწევთ თანამდებობის დატოვება ან მე”. ღარიბაშვილის რეპლიკას რეპლიკითვე უპასუხა ნადირაშვილმა- „ბარემ პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრად დამნიშნეთ. თუ ჭიკაიძე უფრო ახლო ნათესავია?“

შეგახსენებთ, რომ ირმა ნადირაშვილმა, ჭიკაიძის დანიშვნისთანავე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ახალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათლულია.

ნადირაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესაურ კავშირებზე გაზაფხულზეც საუბრობდა. ის იმ დროს „ფეისბუქში“ წერდა, რომ თბილისის პოლიციის უფროსად დანიშნული ალექსანდრე ჭიკაიძის მეჯვარე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა – პარლამენტის წევრი ლექსო თამაზაშვილი იყო. იმ დროს ღარიბაშვილმა ნადირაშვილის პასუხად განაცხადა, რომ მისი ცოლის ნათესავები მისი ნათესავები არ არიან.

კომენტარები