ხიდაშელის განმარტებით, ასეც რომ ყოფილიყო, ეს ფაქტი იმის დასტურად გამოდგება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებულ ადამიანებს მოქმედი ხელისუფლება არ დევნის.

„ჩემი პოზიცია 26 მაისთან და 7 ნოემბერთან დაკავშირებით ცნობილია. თუ ეს სიმართლეა და ის იმყოფებოდა 26 მაისს რუსთაველზე,- ასეთი ადამიანი რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება, ეს ყველაზე საუკეთესოდ მეტყველებს ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ არ ვებრძვით იმ ხალხს, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ანგარიშსწორებით არ არის დაკავებული და კარგად აცნობიერებს, რომ ბევრი ადამიანი იმ ხელისუფლების პერიოდში მსხვერპლი იყო, როცა ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანებების შესრულება უწევდა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა: „ 2008 წლიდან მოყოლებული მუშაობთ პოლიციის სისტემაში, მათ შორის 2010 წლის შემდეგ უკვე მაღალ თანამდებობაზე. მე მაინტერესებს, ამ წლების განმავლობაში მიგიღიათ თუ არა უკანონო ბრძანება, შეგისრულებიათ თუ არა უკანონო ბრძანება?“

ჭიკაიძემ კი უპასუხა: “ვინც გასცა უკანონო ბრძანება და ეს ბრძანება შეასრულა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ან ძებნილია“.

კომენტარები