“დღეს პარლამენტის წინაშე ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო მადლობა, ადამიანს, რომელმაც ორი წლის წინ გვერდზე გადადო ყოველივე პირადი და ურთულეს ვითარებაში, ქვეყნის გადასარჩენად ღირსეულად შემოაბიჯა ქართულ პოლიტიკაში. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში – არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება და ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. ბატონმა ბიძინამ სიტყვა შეასრულა – რეჟიმისაგან გაათავისუფლა საქართველო და ღირსეულად დატოვა პოლიტიკა.

კოალიცია “ქართული ოცნების“ სახელით, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ვუსურვო მას ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, რომლითაც იგი, დარწმუნებული ვარ, არანაკლებ სამსახურს გაუწევს თავის სამშობლოს.

ბატონებო,

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამომიცხადეს ნდობა და წარმადგინეს უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე – ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და თავდაუზოგავად ვემსახურო ჩემს ქვეყანას.

შარშან, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში, და წელს, 27 ოქტომბერს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ და ქვეყანაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას.

გასული ერთი წლის განმავლობაში, ძალიან რთული პოლიტიკური ვითარების – კოჰაბიტაციის პირობებში, რომლის პრეცედენტიც ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია, ჩვენმა გუნდმა შეძლო მნიშვნელოვანი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების თავიდან აცილება. ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება და ჩვენ ამას მივაღწიეთ.

ამ ერთი წლის განმავლობაში, კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ხალხთან ერთად მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და მისი ადგილი ცივილიზებული მსოფლიოს ქვეყნებს შორისაა.

ჩვენ ჩავატარეთ უპრეცედენტოდ მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები და დავამტკიცეთ, რომ რეალურად გვინდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს აშენება. ჩვენთვის სასიხარულოა და ამავე დროს ძალიან საამაყო, რომ ამ არჩევნებს მაღალი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა და ქვეყანა მმართველობის ახალ მოდელზე გადავიდა. ჩვენს გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ახალი მმართველობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას ეკისრება.

პატივცემულო დეპუტატებო,

დღეს თქვენ წინაშე წარმოვადგენ მთავრობის ახალ პროგრამას, რომელიც ეფუძნება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას. ახლავე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის პროგრამა ითვალისწინებს კოალიციის 4-წლიან საარჩევნო ვადაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

ჩვენი გუნდი, ჩვენი მთავრობა ამ ერთი წლის განმავლობაში მთლიანად ორიენტირებული იყო ქვეყანაში ახალი, დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებაზე და ამისთვის უკვე დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება.

2013 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკიდან უპირატესად საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის. თუმცა, ამ ახალ მოდელში ბევრი ისეთი ხარვეზი და ბუნდოვანი ნორმაა, რომელიც მოითხოვს გამოსწორებასა და გაუმჯობესებას, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

ამ მიზნით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა უკვე შექმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

ახალი კონსტიტუციით დადგინდება მმართველობის ისეთი მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურობას, ხოლო, მეორე მხრივ, საკანონმდებლო ორგანოს და საზოგადოებას მისცემს რეალურ ბერკეტებს ხელისუფლების საქმიანობის ქმედითი და დროული კონტროლის განსახორციელებლად.

მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლოს დამკვიდრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, სასამართლო სისტემაში დაწყებულია დეპოლიტიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი, სასამართლო გათავისუფლებულია ხელისუფლების წნეხისაგან და ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, განსახორციელებელია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებითაც გარანტირებული გახდება მოსამართლეების უფრო მეტი დამოუკიდებლობა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ერთი წლის განმავლობაში უკვე განხორციელდა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ცვლილება.

მთავრობა განახორციელებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმას და იგი აღარ იქნება სახელმწიფო რეკეტისა და ქონების გამოძალვის იარაღი. დაზარალებულის უფლებები იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი.

დაიხვეწება სისხლის სამართლის კოდექსი; შემუშავდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას.

***

მთავრობა იმუშავებს იმისათვის, რომ ამაღლდეს პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობა. პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოების დაცვა დანაშაულისაგან, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის, აგრეთვე დაზარალებულის კანონიერი უფლებების დაცვა და საგამოძიებო ორგანოების მართლზომიერი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის ზედამხედველობით.

გაგრძელდება პროკურატურის დეპოლიტიზაციის პროცესი. ამ მხრივ უკვე გადაიდგა ნაბიჯები და პროკურატურა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

2012 წლის ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც ხალხის სამსახურში დგას. მისი ძირითადი მიზანი იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. სამინისტრო გააგრძელებს დეპოლიტიზების აღებულ კურსს. პოლიცია თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.

პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გაზრდა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

გაიზრდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები; აშენდება და ექსპლუატაციაში შევა პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის ახალი შენობები; საპატრულო პოლიცია აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით; გაუმჯობესდება კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები.

გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების დროებითი მოთავსების იზოლატორები, მოხდება არსებული იზოლატორების რეაბილიტაცია და განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალური ბრუნვის შემცირება. გაძლიერდება ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ამოქმედდება მიგრაციის სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გამოვლენისა და გაძევებისათვის. აშენდება და 2014 წლის ივნისში ექსპლუატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები.

დაცული იქნება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებები. ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიუახლოვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების საცხოვრებელი ფართობი, კვების რაციონი, სამედიცინო პროგრამები, ჰიგიენური პირობები და პატიმართა მიმართ მოპყრობა.

სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, 2014 წელს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის სახით, ამოქმედდება თავისუფლების შეზღუდვა. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დასაქმების პარალელურად, ძირითადი პრიორიტეტი იქნება მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და პროფესიული სწავლება. დაცული იქნება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რელიგიური უფლებები, ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებები.

შეიქმნება საჯარო სამსახურის ისეთი მოდელი, რომლის ამოქმედების შედეგად საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება დამოკიდებული არ იქნება პოლიტიკაზე. ხელისუფლების შეცვლა აღარ გამოიწვევს საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას. კანონით ზუსტად განისაზღვრება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. დონორთა დახმარებით უკვე მუშავდება საჯარო სამსახურის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ კანონს საჯარო სამსახურის შესახებ.

მთავრობის პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, მათ შორის, ყველა უმცირესობის დაცვის კუთხით. მთავრობა დაამტკიცებს ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.

გაგრძელდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურად ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხელი შეეწყობა სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს – ყველა მსურველს მიეცემა სახელმწიფო ენის შესწავლის საშუალება. ხელი შეეწყობა ეროვნული უმცირესობების კულტურის, ენის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად დაედება ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. მთავრობის პრიორიტეტებია ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანი და ეს არჩევანი არ გადაიხედება.

საქართველო აცნობიერებს თავის მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, განიხილება როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

წელს დასრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მოხდება შეთანხმების პარაფირება. ამავე დროს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა შეთანხმებას ხელი მოეწეროს 2014 წლის შემოდგომამდე – მოქმედი ევროკომისიის მანდატის ამოწურვამდე.

საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად. ქარტიას საქართველო განიხილავს როგორც საკუთარი ხალხის წინაშე ვალდებულებას.

ბატონებო,

ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო – 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული.

ჩვენი მთავრობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების ხელშეწყობით, გააგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკის გატარებისათვის და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ბერკეტს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცისათვის.

რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ამასთანავე, საქართველო შეეცდება რუსეთთან არსებული კრიზისის ეტაპობრივ დაძლევას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გზით. შენარჩუნებული იქნება ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის ფორმატი, რამაც, შეძლებისდაგვარდ, ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებას და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას.

დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ურთიერთობების განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონების და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელიც გულისხმობს საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას, ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და კერძო სექტორის თავისუფლებას.

ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ისეთი სფეროების განვითარებისაკენ, როგორიცაა: სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო; მეწარმეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი; კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების გზით; საქართველოს ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები; ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნა; მომსახურების სფერო. ყოველივე ეს უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების პროცესებში ჩართულობას.

სახელმწიფო დღეისათვის ქონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მესაკუთრეა საქართველოში. მთავრობის მიზანი იქნება სახელმწიფო ქონების რაციონალური გამოყენება და ასევე გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა, მისი კერძო საკუთრებაში მოქცევის გზით.

გააქტიურდება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც, თავის მხრივ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

მთავრობა პრიორიტეტს მიანიჭებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელებას. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გამოიწვევს როგორც დროებითი, ისე გრძელვადიანი სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას.

ამოქმედდება ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საავიაციო სივრცის ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციას.

მთავრობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფორმატიზაციის საკითხებს. მოხდება ქვეყნის დასახლებული პუნქტების უზრუნველყოფა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით; გაგრძელდება რეგიონების კომპიუტერიზაციის პროცესი.

მთავრობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც ეკონომიკური აღმავლობის, ასევე შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ხელი შეეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებას და არსებულის დივერსიფიკაციას, კერძოდ, სამთო-სათავგადასავლო, კულტურული, ღვინის, ბიზნესის, გამაჯანსაღებელი, სამონადირეო და სხვა მიმართულებებით.

ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება იქნება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მოწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.

ამისთვის საჭირო იქნება: ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტს და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს. ამასთან უზრუნველყოფს ენერგეტიკული სექტორის მზადყოფნას ეკონომიკის ენერგოტევადი დარგების განვითარების შემთხვევაშიც.

ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პოლიტიკა დაეფუძნება დამატებითი გენერაციის სიმძლავრეების შექმნას და საჭირო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამ მიმართებით, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. სახელმწიფო შექმნის ხელსაყრელ და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

პრიორიტეტული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურად ათვისება ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისიწინებით.

ადგილობრივი მოხმარებლებისათვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დასრულდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამა, ხოლო რეგიონების გაზიფიცირება განხორციელდება ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება იქნება ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რასაც მიესალმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

გაგრძელდება და ეტაპობრივად გაფართოვდება 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით. გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება/დანერგვაზე როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კერძო სადაზღვევო სქემებით მიწოდებული მომსახურების ფარგლებში; შემუშავდება და ეტაპობრივად დაინერგება ხარისხის მართვის მექანიზმები; მოხდება სამედიცინო განათლებისა და სერტიფიცირების ძირეული რეფორმები.

შემცირდება მოსახლეობის სიღარიბითა და ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემები და ხელი შეეწყობა როგორც შრომისუნარიან, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის პრინციპებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი სამთავრობო პროგრამები/ღონისძიებები. ეტაპობრივად განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასების სისტემის „სამედიცინო“ მოდელიდან „სოციალურ“ მოდელზე გადასვლა; სოციალური მომსახურების დაწესებულებების ქსელის განვითარება დაემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს.

ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპები, რომლითაც მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები.

ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა თანდათანობით გახდება ევროპის სოციალური სივრცის ორგანული ნაწილი. ახალი სისტემის საფუძველია მსოფლიოში აღიარებული ისეთი პრინციპები, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა.

რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კერძო საპენსიო ინსტიტუტები. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება მხოლოდ სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება გამოკვეთილი მარეგულირებელი ფუნქცია, რათა სისტემამ შეინარჩუნოს სტაბილურობა. გარდა ამისა, არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს დაენიშნებათ ან შეევსებათ სოციალური პენსია.

ქვეყნის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელსაც მთავრობა განახორციელებს, თვითმმართველობის რეფორმაა. რეფორმის შედეგად სრულიად შეიცვლება დღეს არსებული სისტემა.

გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომელთა ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. რეფორმის შედეგად გაიზრდება ასევე მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი; ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა გაზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას; ადგილებზე შეიქმნება ინიციატივიან პირთა გამოვლენისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ამ ეტაპისათვის თვითმმართველობის კოდექსი წარდგენილია პარლამენტისთვის და მისი დამტკიცებისთანავე მთავრობა შეუდგება ამ რეფორმის განხორციელებას.

2014 წელს მთავრობა დაიწყებს მუშაობას ახალ რეგიონალური განვითარების 2015-2017 წლების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული საქართველოს რეგიონალური განვითარების უმთავრეს საჭიროებებსა და ფართო გამოწვევებზე.

მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განამტკიცოს ქვეყნის რეგიონალური განვითარება და ინფრასტრუქტურა. გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება საქართველოს ჩართვა საერთაშორისო პროექტებში. შემუშავდება ახალი სამშენებლო ნორმები და წესები და სამშენებლო სტანდარტები. გათვალისწინებულია ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება.

ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების განთავსება და დახარისხება ევროპული სტანდარტების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდება. საქართველოს მოსახლეობის სტიქიური მოვლენებისაგან დაცვის მიზნით, გატარდება პრევენციული ღონისძიებები – ნაპირდაცვითი და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებები.

გაგრძელდება თანამშრომლობა უმსხვილეს საერთაშორისო დონორებსა და კერძო ფონდებთან.

მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, ამის უპირველესი გარანტია კი იქნება მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური რესურსების მნიშვნელოვნად გაზრდა.

აგრარული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში: მოწესრიგდება მიწათსარგებლობის საკითხები; ამ მიმართულებით ხელი შეეწყობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარებას. შეიქმნება ფერმერთა რეესტრი. სასოფლო-სამეურნეო სექტორი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურებითა და ნედლეულით; გაძლიერდება და განვითარდება სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო და სალიზინგო სისტემა.

მცირე და საშუალო ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ფერმერული კოოპერატივების/ასოციაციების განვითარება.

გაუმჯობესდება რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობები; უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობა. გაგრძელდება რეგიონალური და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება.

მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნას.

გამარტივდება გადასახადის ადმინისტრირება და განხორციელდება საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია. მოხდება ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის შეზღუდვა – დეკრიმინალიზაცია. საგადასახადო ორგანოები იმოქმედებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული უფლებებით და გამორიცხული იქნება გადამხდელების მიმართ პოლიტიკური ნიშნით მიდგომა. ეტაპობრივად 3 წლამდე შემცირდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადები.

მონეტარული პოლიტიკა მიმართული იქნება გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირების შემოღებისაკენ; განისაზღვრება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, სადაც ფულის ემისია იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესაბამისი; ხელი შეეწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფილი იქნება დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება.

მთავრობა უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფას, რათა ბიუჯეტით, ერთი მხრივ, ხორციელდებოდეს პრიორიტეტული სფეროებისა და სოციალური ხარჯების ზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას და ამავე დროს შენარჩუნებულ იქნეს ქვეყნის ფისკალური სტაბილურობა.

დაიხვეწება პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგია, ბიუჯეტის განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენის მექანიზმები მიუახლოვდება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გამოყენების ეფექტიანი მექანიზმი.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

ეტაპობრივად დაინერგება ევროკავშირისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპები და სტანდარტები.

მთავრობა ყველა ღონეს იხმარს დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის უზრუნველყოფისთვის, მათი განსახლების, შემოსავლის წყაროების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური ინტეგრაციისა და სხვა საკითხების გადაწყვეტისათვის, რათა დევნილთათვის შეიქმნას უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, ვიდრე ისინი არ დაუბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარს.

დევნილთა დაბრუნების წინაპირობად იქცევა ომებით გახლეჩილ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის აღდგენა, ფართო საერთაშორისო ჩართულობა, პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიის რეალიზაცია.

კონფლიქტების მოგვარების საკითხი მთავრობის საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემატიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა იქნება მშვიდობიანი, კონსტრუქციული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული. კონფლიქტის მოგვარების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გზით უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მექანიზმების ამოქმედებასა და ნდობის აღდგენის განმტკიცებას.

მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან ნდობის აღდგენის კუთხით მუშაობის განმტკიცება, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორება.

ჩვენ გზას გავუხსნით სახალხო დიპლომატიას, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და ბიზნესპროექტებს. წახალისდება ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც ინარჩუნებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა.

გაგრძელდება დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისა და სარეაბილიტაციო პროექტების ხელშეწყობისათვის. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება ექნებათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კონფლიქტების მოგვარებისთვის გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

მთავრობის პრიორიტეტი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლების დასახმარებლად.

დასახული ამოცანების შესასრულებლად და არსებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, აუცილებელია თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება შეიარაღებული ძალების უფრო მობილურ და პროფესიულ, ნატოსთან თავსებად ძალებად გარდაქმნის გზით.

ამ მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და წარმართავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას ქვეყნის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით.

მთავარ პრიორიტეტად რჩება თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზებულ ორგანიზაციად შენარჩუნება. კიდევ უფრო გაიმიჯნება სამხედრო და სამოქალაქო ფუნქციები და გაუმჯობესდება სამხედრო-სამოქალაქო კოორდინაცია.

საომარ, სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული შესაძლებლობების შემდგომი განმტკიცება მთავრობის პრიორიტეტი იქნება.

ძირეული რეფორმა განხორციელდება სამხედრო და ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, რომელიც გაითვალისწინებს სოციალური დახმარების, პროფესიული რეკვალიფიკაციისა და დასაქმების კომპონენტებს.

გაგრძელდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მექანიზმების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება. გაღრმავდება პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამშვიდობო, სტაბილიზაციისა და კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას.

განათლება კვლავ რჩება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად.

მთავრობა განახორციელებს ზოგადი განათლების სტრატეგიის მოდიფიცირებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე. ეს გულისხმობს ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლისათვის ხელშემწყობი გარემოსა და პროგრამების შექმნას, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მოტივაციის გაზრდასა და მათი შეფასების სისტემის სრულყოფას.

დაიხვეწება განათლების დაფინანსების მექანიზმები. ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე, ამაღლდება განათლების ხარისხი. უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია და განათლების უწყვეტობა სისტემის ყველა დონეს შორის.

მრავალფეროვანი გახდება პროფესიული პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიქმნება ხელშემწყობი გარემო ნებისმიერი ასაკისა და შესაძლებლობის მქონე პირისათვის. განვითარდება საგანმანათლებლო რესურსები, ამაღლდება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაცია, განვითარდება პროფესიულ სასწავლებელთა ძლიერი რეგიონალური ქსელი და გაიზრდება პროფესიული განათლების მიმზიდველობა.

უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება. კანონმდებლობით განისაზღვრება და დაინერგება მართვის გამჭვირვალე და დემოკრატიული პრინციპები. უზრუნველყოფილი იქნება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობა მართვის პროცესებში. შეიქმნება ქმედითი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას.

მთავრობის პრიორიტეტების საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება; უმთავრეს ამოცანად გამოცხადდება ნიჭიერი ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვა.

მთავრობა ყურადღებას დაუთმობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ ჩართულობას ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში, კავშირების განმტკიცებას საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქმიანობენ ჩვენი თანამემამულეები.

კულტურის სფეროში ღონისძიებების გატარების შედეგად საქართველო თანამედროვე სამყაროს ღირსეული წევრი გახდება. ამ მიზნით შემუშავდება კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა. გამორიცხული იქნება კულტურის მოღვაწეთა საქმიანობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ჩარევა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. კულტურის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საგანგებო ღონისძიებები გატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დასაცავად. სახელმწიფო ენაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. შემუშავდება და ამოქმედდება კანონი სახელმწიფო ენის შესახებ.

გაგრძელდება სპორტული ფედერაციებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩაურევლობის პოლიტიკა. ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა; რეგიონებში შეიქმნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, რომლებიც აღიჭურვება მოდერნიზებული ინვენტარით.

ახალგაზრდობა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი რესურსია. ქვეყნის ყველა რეგიონში განვითარდება ახალგაზრდული ცენტრების ინფრასტრუქტურა, ცენტრების ფუნქციონირებისათვის შემუშავდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალგაზრდული პროგრამები.

აი, ასეთი გახლავთ მოკლედ ჩვენი სამთავრობო პროგრამა, რომლის სრული ვერსიაც თქვენ ხელთ გაქვთ.

ბატონებო,

მე და მთელი გუნდი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ვგრძნობთ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ჩვენ დაგვეკისრება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ამ ერთი წლის განმავლობაში წინა მთავრობის თითოეულმა წევრმა დაამტკიცა, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული პარლამენტთან ანგარიშვალდებულება. ჩვენმა გუნდმა დაამსხვრია ის მავნე ტრადიცია, როდესაც მთავრობას ჰყავდა გამორჩეული და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც არაფრად აგდებდნენ პარლამენტს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამის საშიშროება აღარ არსებობს – ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ, რომ პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და, შესაბამისად, ჩვენი ხალხის წინაშე.

გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩემ მიერ წარმოდგენილ მთავრობის პროგრამას და შემადგენლობას, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გავაკეთებთ შესაძლებლის მაქსიმუმს და იმედი მაქვს, გავამართლებთ თქვენს ნდობას.

გმადლობთ ყურადღებისთვის.”

კომენტარები