„დღეიდან იწყება რეალურად ჩვენი საქმე და მე მინდა, რომ ამას ყველამ ერთად, როგორც ერთიან გუნდს შეშვენდის, თავი გავართვათ. ამისთვის მხოლოდ მონდომება არ იქნება საკმარისი, თუ ვერ შევძელით სახელმწიფოს ინსტიტუციონალურად გამართვა,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, მაგრამ ივანიშვილი ვერაფერს შეცვლიდა, რომ არა საზოგადოების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლებიც წლების განმავლობაში ბევრ რამეს იტანდნენ და დღესაც იტანენ, იმ იმედით, რომ ხელისუფლების დაპირება და სამთავრობო პროგრამა შესრულდება.

„ადამიანებს აქვთ იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს დამკვიდრდება სამართლიანობა და ბოდიშს მაინც მოუხდის ვინმე იმისთვის, რაც წაართვეს, როდესაც შეურაცხყვეს, როდესაც იძალადეს მათზე,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილის განმარტებით, ქვეყანაში სამართლიანობა დასამკვიდრებელია და ამას ელის ხალხი, რომელიც მადლობას იმსახურებს იმისთვის, რომ აქამდე მოითმინა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ ოპონირება არ შედგა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპონენტი იქნება და ხელისუფლებაში მობრუნებას შეძლებს.

“გაირბინა ერთმა წელიწადმა. ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ გავიხსენოთ, რამდენის გაკეთება გვქონდა დაგეგმილი.. ჩვენ დაგვრჩა 3 წელიღა… მოდი, დავკონცენტრირდეთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მოვუსმინოთ ოპონენტებს, მაგრამ მათი სცენარით ახლა მაინც ნუღა ვიცხოვრებთ გვეყო 10 წელი “ნაციონალური მოძრაობის” სცენარით ცხოვრება!”- მიმართა კოლეგებს უსუფაშვილმა.

კომენტარები