„სიტყვასიტყვით შემიძლია გავიმეორო მის მიერ ნათქვამი განცხადება: მე დავდივარ მთელს მსოფლიოში და ყველას ვეუბნები, რომ საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, მაგრამ აი, ახლა თქვენ გეტყვით საიდუმლოდ, რომ საქართველო სულაც არ არის მიმზიდველი ქვეყანა… მერე იყო ნეგატიური სახის მთელი პასაჟი, რომელიც აბსოლუტურად მიწაში დებდა საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

ეკონომიკის მინისტრმა გადაცემაში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ფორუმზე ივანიშვილმა სიმართლე თქვა, როცა განაცხადა, რომ საქართველოში საკუთრების დაცვის კუთხით პრობლემები იყო.

„ივანიშვილმა ჩამოთვალა ის სფეროებიც, რომლებშიც მიღწევები იყო. ეს ეხებოდა საგადასახადო ადმინისტრირებას, საბაჟო რეფორმას, სამოხელეო დონეზე კორუფციის შემცირებას. მაგრამ მან ასევე თქვა ის სიმართლე, რომ არის ჯერ კიდევ სფეროები, რომლებშიც ძალიან სერიოზული გამოსწორების რესურსია და ეს სფეროებია საკუთრების უფლების დაცვის სფერო, სასამართლო სისტემა და ა.შ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე ბიზნესმენებისთვის წლების განმავლობაში წართმეული ქონების დაბრუნება ვერ მოხერხდა, მაგრამ საქართველოში ბიზნესი გათავისუფლდა ზეწოლისგან და ეკონომიკის დემონოპოლიზაცია მოხდა. მისივე თქმით, 2013 წელი 2-2,5%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება.

კომენტარები