მაილსი აცხადებს, რომ 2002 წელს საქართველოში უიმედობის შეგრძნება იყო და გამოსწორების იმედი არ ჩანდა – ქვეყანაში იყო დემოკრატიული ოპოზიცია, შევარდნაძის მთავრობა კი დიქტატურა არ იყო, ის მეტნაკლებად დემოკრატიული პროცესებისკენ იხრებოდა, თუმცა საზოგადოების პრობლემებს ვერ აგვარებდა, ძალაუფლების შენარჩუნება კი სურდა.

„ოპოზიციის წამყვანმა წევრებმა – ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ და მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტეს, ვითარება შეცვლილიყო. ხალხი უკვე გამოსული იყო და აწყობდა საპროტესტო დემონსტრაციებს, მაგრამ ეს ადამიანები სწორ დროს გამოიკვეთნენ ლიდერებად. ჩვენ შევარდნაძესთან საუბარი დავიწყეთ და ვთქვით, რომ არჩევნები არ იყო ღია და დემოკრატიული. შევთავაზეთ, ან თავიდან ჩაეტარებინა არჩევნები, ან მოსახლეობისთვის შეეთავაზებინა, რომ ერთ წელში საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადგებოდა, მაგრამ არც ერთის გათვალისწინება უნდოდა,“- აცხადებს რიჩარდ მაილსი.

აშშ-ის ყოფილი ელჩის განმარტებით, იმ დროს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა მოხდა და შემდეგ არჩევნები ჩატარდა, ამ გზით კი საქართველო უკიდურესად რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდა.

მაილსი მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზეც საუბრობს და ერთ-ერთ მთავარ შეცდომად მის მოუთმენლობას ასახელებს.

„დიდი შეცდომა სააკაშვილის მოუთმენლობა იყო. ორ საკითხს აღვნიშნავ – მას სურდა ქვეყანაზე რაღაც სახით საკუთარი ნიშანი დაედო – ამის დასტური იყო ის მშენებლობები და გასართობი პროექტები, რომლებსაც დიდი ფული სჭირდებოდა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთის სარგებელი ვერ მოჰქონდა და მეორე ეს იყო მოუთმენლობა სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით. ის 2004 წლის დასაწყისში მოვიდა ხელისუფლებაში და აგვისტოში უკვე პირველი ინციდენტი მოხდა საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალების მიერ. ეს დიდი შეცდომა იყო,“- განმარტავს რიჩარდ მაილსი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილებაც შეეძლო, სამხედრო ტექნიკა რომ არ ეყიდა და ამით გათამამებულს შეცდომები არ დაეშვა.

„მას უნდა სცოდნოდა, რომ ეს მოქმედებები რუსეთს უდავოდ შემოიყვანდა ქვეყანაში. არ ვიცი, ეს ადამიანი რას ფიქრობდა, მიუხედავად პროვოკაციების დონისა, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა ამ კონფლიქტში ისე შესვლა, როგორც მან ეს გააკეთა, პოლიტიკური სიგიჟე იყო,“- აცხადებს ყოფილი ელჩი და ვარაუდობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების დროს, სააკაშვილს აშშ-ის სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა.

„ის მთლად შეშლილი არ არის… რაღაც ამდაგვარი უნდა ეფიქრა, მაგრამ საიდან მოუვიდა ეს აზრი თავში, არ ვიცი. პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ჩემი აზრით, ამის შემდეგ გადადგებოდა და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა. რა მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, არ ვიცი, ეს არ არის ნორმალური,“- აღნიშნა რიჩარდ მაილსმა.

კომენტარები