„მე მაჟორიტარს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ მივეცი და ამიტომაც დაიძაბა ჩვენს შორის ურთიერთობა“ – აცხადებს TSpress- თან საუბარში ფოთის მერი.

ფოთის მაჟორიტარსა და მერს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მანამდე კი სარსანია ბესელიასთან დაახლოებული პირი იყო და აღნიშნულ პოსტზე, სწორედ მაჟორიტარის რეკომენდაციით დაინიშნა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ის მერს მისი ქმედებების გამო “პასუხის მოთხოვნით” დაემუქრა.

“ხალხი დანიშნე, რომელიც მერე აქ დაგყავს და მინისტრთან კონცერტებს აწყობინებ, აი ამის პასუხს მოგთხოვ მე შენ! დავამთავროთ ეს არჩევნები! შენ თუ გგონია, მე ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ… ახლა არ არის ამის დრო და დამთავრდება ეს არჩევნები,” – მიმართავს ბესელია მერს.

როგორც სარსანიამ აღნიშნა, არჩევნების შემდეგ მუქარა აღარ გაგრძელებულა. მისი თქმით, მას მაჟორიტართან, ამ დრომდე, კომუნიკაცია არ აქვს.

„რამდენჯერმე ვცადე დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. მან ეს არ ისურვა”- აღნიშნა სარსანიამ. მისი განცხადებით, ეს დაპირისპირება ქალაქში მიმდინარე პროექტებზე არანაირად არ აისახება და კონკრეტული სამუშაოები ჩვეული ტემპით მიმდინარეობს. ის დაპირისპირებას ჯანსაღ პროცესად არ აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ დაპირისპირება მას არ გამოუწვევია.

ბესელია კი მერზე მხოლოდ ადგილობრივი ტელეეთერით საუბრობს და მის ყოფილ თანაგუნდელსა და ფავორიტს, ამჟამად “ნაციონალებთან” შეკრულ მერად მოიხსენიებს, რომელიც, მისივე თქმით, ვერ ითვისებს მის მიერ მოპოვებულ რამდენიმემილიონიან ტრანსფერს. მან ერთ-ერთ გადაცემაში მერთან დაკავშირებულ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა, რასაც სარსანია “არასერიოზულ” განცხადებას უწოდებს.

„ბესელიას იმედები რატომ უნდა გამემართლებინა?! მთავარია, ჩემი ქალაქის იმედები გავამართლო და და არა კონკრეტული პიროვნებების. ეს ნამდვილად არასერიოზულია“- განაცხადა მერმა.

ამავე თემაზე:

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

ეკა ბესელია ფოთის მერს დაემუქრა [Video]

კომენტარები