„ვიქნები ერთ-ერთი აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სამოქალაქო პოზიციებიდან“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ყრილობაზე. მან პირობა დადო, რომ არ დაიღლება ხელისუფლებას მყოფი პირებისთვის იმის შეხსენებით, რომ „ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს“.

კონკრეტულად ამ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს აქცენტი არ გაუკეთებია როგორც აქტივისტი, იბრძოლებს თუ არა თავისუფალი სიტყვისთვის და ჟურნალისტების უფლებების დაცვისთვის, მით უმეტეს მაშინ, თუ საქმე შეეხება მისი პრემიერ-მინისტრობისას ადგილობრივ თვითმმართველობებში ახლადდანიშნული კადრების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე რამდენჯერმე შეუშალეს ხელი Qartli.gE-ს ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. „კასპის მუნიციპალიტეტის მმართველები ონლაინ-პორტალის ჟურნალისტების მუშაობას აფეხებენ – ამ სათაურით გამოაქვეყნა მასალა EaP Media Freedom Watch-მა, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მონიტორინგს ახორციელებს.

15 და 21 ნოემბერს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომებზე არ დაუშვეს Qartli.ge-ს ჟურნალისტები, მაშინ როდესაც ორივე შემთხვევაში სხდომები ღია იყო და კანონის მიხედვით მათზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ონლაინ-გამოცემას Qartli.gE-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ოფისის და ბორდის შეხვედრებზე დასწრების ხელმისაწვდომობა არ აქვს. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს საკრებულოს აპარატის უფროსს ვახტანგ პაპაშვილს, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საკითხის გადაწყვეტას თავს არიდებს“ – აღნიშნულია EaP Media Freedom Watch-ის მასალაში, რომელსაც თან ახლავს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის (Qartli.gE) მიერ გადაღებული ვიდეო-მასალები.

15 ნოემბერს, კასპის საკრებულოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს საბა წიწიკაშილის (Qartli.gE-ს რედაქტორი და ჟურნალისტი) მიმართ კასპის საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. თუმცა, რა რეაგირება მოყვა ამ წინადადებას, ჯერჯერობით უცნობია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჟურნალისტი სოფიკო მთივლიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ჟურნალისტი საგარეჯოს გამგებლისგან „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბრალდებებზე ვიდეოკომენტარს ითხოვდა .

13 ნოემბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს შტაბის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს და მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი დაადანაშაულეს: „ქალბატონი თინას პასუხმა ყველანი სახტად დაგვტოვა, ან ლოლაძე იქნება გამგებელი და რაიონში წამოვა ინვესტიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიონში არაფერი არ გაკეთდებაო“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 2013 წლის 12 ივნისს დაკავებული გამგებელი გიორგი ლოლაძე, საკრებულომ თანამდებობაზე აღადგინა.

მანამდე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა მასალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ივანე ქვრივიშვილს, მისივე განცხადებით, თანაპარტიელებმა ცემეს. ქვრივიშვილის თქმით, მას სახეში აგური ჩაარტყეს და ცხვირი გაუტეხეს. დაზარალებული მომხდარს რესპუბლიკურ პარტიას უკავშირებს.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სოფიკო მთივლიშვილი ადგილზე ჩავიდა, რათა კომენტარი გამგეობაში ჩაეწერა, რასაც ინციდენტი მოყვა.

„გამგებლის მდივანს ვუთხარი, რომ გამგებელს გუშინ ვესაუბრე ტელეფონით, დღეს ვამზადებდი ვრცელ მასალას და მინდოდა მასთან შეხვედრა და კომენტარის ჩაწერა. მდივანმა გამგებლის სამუშაო ოთახში არ შემიშვა და გადაღებაში ხელშეშლა სცადა, კამერას ხელს აფარებდა. მერე ჩადგა ორ კარს შუა და ისე ელაპარაკებოდა გამგებელს. ლოლაძეს ხმა მივაწვდინე, ორი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, შემოვალ-მეთქი, მაგრამ უარი თქვა. მდივანმა კამერას ხელი ააფარა, ნუ იღებო და გამგებლის სამუშაო ოთახის კარი მიხურა. მე კარი გავხსენი და მინდოდა, გამგებლისთვის კიდევ ერთხელ მეთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა. მდივანი მომვარდა, თმაში ხელი ჩამავლო და გამგებლის სამუშაო ოთახში შესვლის საშუალებას არ მაძლევდა. გამგებელი ამ ყველაფერს ხედავდა, მაგრამ სკამიდან არ ადგა. დამადანაშაულა, რომ მის ოთახში შევვარდი და მდივანს მოსთხოვა, საჩივარი დაეწერა და დაცვა გამოეძახებინა“, – აღნიშნავს ჟურნალისტი სოფიკო მთივლიშვილი.

ინციდენტთან დაკავშირებით საგარეჯოს გამგებელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე აცხადებს, ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი, გამგებლის მდივნის გაფრთხილების მიუხედავად, რომ გამგებელი წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა, მაინც შეიჭრა მის სამუშაო ოთახში. გამგებელმა ჟურნალისტს განუმარტა, რომ ჟურნალისტს გამგებელთან ვიზიტი წინასწარ უნდა შეეთანხხმებინა გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რადგანაც ჟურნალისტის ვიზიტის დროს გამგებელი იყო სამსახურებრივი საქმით დაკავებული.

მიუხედავად ამისა, სოფო მთივლიშვილმა არ დატოვა გიორგი ლოლაძის სამუშაო ოთახი, რის შემდეგაც გამოძახებულ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაცვის სამსახური და არა პოლიცია. გამგებელი გიორგი ლოლაძე უარყოფს კახეთის საინფორმაციო ცენტრის კიდევ ერთ ბრალდებას ტექნიკის დაზიანებასთან დაკავშირებით და აცხადებს, ჟურნალისტი ეზოში ჩასვლის შემდეგ ახორციელებდა ინტერვიუების ჩაწერას მოქალაქეებთან, რასაც დაზიანებული კამერით ბუნებრივია ვერ შეძლებდა“.

სოფიკო მთივლიშვილისთვის პროფესიულ საქმინობაში ხელშეშლის ფაქტით, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არავინ დაინტერესებულა.

2013 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ყვარლის საარჩევნო ოლქის ჭიკაანის მე–14 საარჩევნო უბანზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში. ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გააძევეს კენჭისყრის შენობიდან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 28 ოქტომბერს საჩივრით რაიონულ პროკურატურას მიმართა, თუმცა პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

ცესკოს პრესსპიკერის ეკატერინე აზარაშვილის თქმის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთივლიშვილის ფაქტი არ განუხილავს, რადგან მას ცესკოში საჩივარი არ შეუტანია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი შესაბამისი ორგანოებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს ფაქტებზე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კომენტარებზე ღია უარი განაცხადა “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ფოთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაკულიამ და შტაბის სხვა წევრებმა. “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის კომიტეტის წევრმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა TSpress – ის ჟურნალისტს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში ხელი შეუშალა.

TSpress-ის ჟურნალისტი რედაქციაში შესული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა, რომლის მიხედვით პარტია საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამუშაო საათის დროს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებთან შეხვედრას მართავდა.

ასევე, დღემდე ბოიკოტის რეჟიმშია თავად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ის და მისი ბიუროს წამომადგენლები გამოცემასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N6

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N5

პრეზიდენტი არჩევნები – ბიულეტენი N4

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N3

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N2

პრეზიდენტის არჩევნები – ბიულეტენი N1

კომენტარები