ექსპერტი გია ხუხაშვილი გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის დაკავების საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩხატარაშვილს წინა ხელისუფლებაში „მწმენდავის“ როლი ჰქონდა და სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გამართლება ევალებოდა.

„რომ დააშავებდნენ ეს პატარა ბიჭები რაღაცას, მერე მას ევალებოდა მისი შეფუთვა-შელამაზება,“- განაცხადა ხუხაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში.

მისივე თქმით, დავით ჩხატარაშვილის დაკავება სამართლის ცალმხრივობის შეგრძნებას ტოვებს საზოგადოებაში, რადგან ის შემსრულებელი იყო, დამკვეთები კი თავისუფლები რჩებიან.

„რა თქმა უნდა, ჩხატარაშვილი დამნაშავე იყო, უნდა დასჯილიყო და ისჯება კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამართლის ცალმხრივობის შეგრძნებებს ტოვებს ეს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული საქმე იყო პოლიტიკური დანაშაული.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც ციხის კადრების გამო შესაძლოა, შექმნოდა პრობლემები, ჩხატარაშვილზე დანაშაულებრივი დავალება გასცა მის შესაფუთად… დამკვეთი დღეს ზის პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილი კი ახალ (უკრაინის) რევოლუციაში იღებს მონაწილეობას, ის ხომ „მსოფლიოს ჭიპია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი აცხადებს, რომ ჩხატარაშვილი ქვეყნიდან ვერ გავიდოდა, რადგან საქმეზე ძიება მიმდინარეობდა, მისი ტრაგედია კი ის არის, რომ ხელფასზე ცხოვრობდა და მენტალურად ისე იყო მოწყობილი, რომ უფროსის დავალება შეესრულებინა.

ხუხაშვილის განმარტებით, მისი და ღარიბაშვილის ჩანაწერების გავრცელებაშიც ჩხატარაშვილი მონაწილეობდა. მოგვიანებით კი თავად შეძლო მისგან გარკვეული ინფორმაციების მოპოვება, თუმცა, ხუხაშვილის მტკიცებით, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, მას ჩხატარაშვილი არ გამოუყენებია და ინფორმაციები მხოლოდ დანაშაულის სქემის საკითხზე წარმოებული საკუთარი კვლევისთვის მიიღო.

„ჩემთან მოდიოდა ოფისში. მოგეხსენებათ, შიშს დიდი თავლები აქვს, ხედავდნენ ამას და შეეშინდათ. „ვინმე ჩხატარაშვილი“ სააკაშვილმა გახადა მონად და ავალებდა კრიმინალური ზრახვების შესრულებას,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით: გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ფაქტების ვიდეომასალა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმრის დამცირება, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფოს საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები.

კომენტარები