ლტოლვილთა და განსახლების პრესსამსახურის უფროსმა, ეკა გულუამ და მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ და თანამდებობები დატოვეს.

გულუას განცხადებით, გათავისუფლების შესახებ განცხადება მინისტრმა უკვე დაუკმაყოფილა და თანამდებობას 16 დეკემბრიდან დატოვებს. გადაწყვეტილებას ის დატვირთულ რეჟიმსა და მისთვის მიუღებელ სამუშაო გრაფიკს უკავშირებს.

გულუას განმარტებით, მინისტრთან 1 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე არანაირი პრობლემა არ ქონია. “სამინისტრო მაქსიმალურად გაიხსნა, კომუნიკაცია დევნილებთან პრობლემას არ წარმოადგენს. ახალი მინისტრის ენერგია და თავდაუზოგავი შრომა ბევრს შეშურდებოდა”-აცხადებს გულუა, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად 2010 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი მედიაში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, უკვე რადიოში სპეციალური გადაცემის წაყვანა შეთავაზეს სოციალურ თემატიკაზე. “სოციალურ თემებზე, მათ შორის, დევნილების საკითხებზე უნდა მემუშავა. მომიწევდა კრიტიკულ თემებზეც მუშაობაც, ვინაიდან დევნილთა თემატიკას და პრობლემებს შედარებით ღრმად ვიცნობ. ბუნებრივია, ამას როგორი შეფასებები მოყვებოდა. ჩემი მხრიდანაც არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. არსებობს გარკვეული მიზეზი, რის გამოც მედიაში დაბრუნებაზე ამ ეტაპისთვის თავს ვიკავებ. თუ გარკვეული ბარიერები და დაბრკოლებები არ შეიქმნა, მომავალი წლიდან ახალ სამსახურს შევუდგები”- აცხადებს გულუა.

მისი თქმით, ის სასწავლებლად წასვლას არ აპირებს და გეგმაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციალური ცენტრის შექმნაც აქვს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე კი, თანამდებობის დატოვების მიზეზად, ახალი პროკურორისა და სრულიად ახალი გუნდის მოსვლას ასახელებს.

“სრულიად უცნობი და ახალი გუნდი მოვიდა, პრინციპში, ეს არაა პრობლემა, მაგრამ ახალთან თანამშრომლობის მოსინჯვის დროც არ მქონია, უცებვე მივიღე გადაწყვეტილება. თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღავნენლი წავიდა და მეც წამოვედი. გადავწვიტე დროა სხვა სიბრტეზე ძალების მოსინჯვა. ერთ ცნობილ იურისტთან ერთად, პიარკომპანია ჩამოვაყალიბე, მალე დავარეგისტრირებთ. ასევე მინდა, მედიაში მქონოდა სივრცე, რასაც საჯარო მოხელეობისას ვერ ვახერხებდი”-აცხადებს პაიჭაძე TSpress-თან საუბრისას.

ხათუნა პაიჭაძე თანამდებობაზე პროკურორად არჩილ კბილაშვილის დანიშვნისას დაინიშნა, ხოლო მანამდე ის, წლების მანძილზე, გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი იყო.

კომენტარები