საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი წინსაწარ იყო დაგეგმილი და მნიშვნელოვანი საკითხის – საბიუჯეტო განხილვების გადაფარვას ისახავდა მიზნად.

„სამწუხაროდ, პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ხულიგნობით არიან დაკავებულები, არიან შავი მენტალიტეტის მქონე და როდესაც საერთოდ არ გააჩნიათ არგუმენტი ან ტყუილები უნდა მოიგონონ და ცილი დასწამონ კოლეგებს, ან – როცა საკადრის პასუხს მიიღებენ შეურაცხყოფის შემდეგ, წამოვიდნენ მუშტი-კრივზე. იქაც მიიღებენ საკადრის პასუხს, როგორც მოხდა დღეს,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია სტრესის ქვეშ ამყოფოს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე ზრუნვაზე ხელი ააღებინოს.

შეგახსენებთ: პარლამენტში დეპუტატებს შორის დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლის მიზეზი უმრავლესობის წევრი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადება გახდა.

“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის მუშტი-კრივი გაიმართა.

კომენტარები