საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისგან სამართლიანობის აღდგენას და დღემდე გაუხსნელი საქმეების გახნსნას ელის.

„იმიტომ დავუჭირე მხარი ოთარ ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნას, რომ გაჩნდა შანსი, შეძლებს ამ ტვირთის ზიდვას. მარტო პარლამენტში გვყავს 9 დეპუტატი, რომელმაც უშუალოდ განიცადა ფიზიკური ძალადობა და არც ერთი ეს საქმე ჯერ გახსნილი არ არის,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ვალერი გელაშვილს, მურმან დუმბაძეს, ზურაბ აბაშიძეს, კობა დავითაშვილს, თამაზ ყაჭეიშვილს, გოგი ქავთარაძეს და სხვებს არ დავიწყნიათ, რომ სცემეს და ამჯერად ხმას რომ არ იღებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ მათი საქმეები არ უნდა გამოიძიოს.

ქუცნაშვილმა პროკურატურაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტს ამ უწყების სათანადოდ კონტროლის შესაძლებლობა არ აქვს და ეს საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების დონეზე არის დასარეგულირებელი.

„დღეს პროკურატურა გასულია პარლამენტის ველიდან და ის, ფაქტობრივად, იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა. კონსტიტუციური რეფორმის ჩატარების კვალობაზე ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხის გადახედვაც – თუ როგორ დავაბრუნოთ პროკურატურა საპარლამენტო და სამთავრობო კონტროლის ქვეშ ერთდროულად, ან რამე ცალკე ფორმულა შევქმნათ, მასზე საზოგადოებრივი კონტროლის გაანსახორციელებლად,“- განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები