დუმბაძის მტკიცებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის ყიდვის სატენდერო წინადადება ვიცე-პრემიერ კახა კალაძის კრიტიკულ განცხადებამდე გაცილებით ადრე მოხსნა.

„ბიუჯეტის ექსკლუზიურად განკარგვის უფლება აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს. მანქანის ყიდვის საკითხი დღეს კი არ დასმულა. უმაღლესი საბჭო აჭარის ხელისუფლებაში 2012 წლის 28 ოქტომბერს მივიდა, ნოემბერში მიიღო ბიუჯეტი და იქ იყო გაწერილი მანქანის შესყიდვის თანხაც. ეს საკითხი ბიუროზე გავიდა და დადებითად გადაწყდა,“- განაცხადა მურმან დუმბაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, კახა კალაძე ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ მოექცა და მოვლენებს გაასწრო, როცა ავთანდილ ბერიძის ავტომანქანის საკითხზე მკვეთრი განცხადება გააკეთა.

„თუ პრეცენდენტს დავუშვებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება დაიწყებს ზემოქმედებას ბიუჯეტზე, მაშინ, აჭარის უმაღლესი საბჭო გააკეთებს განცხადებას და ბბათუმის თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტზე იმოქმედებს, შემდეგ შუახევის მუნიციპალური საკრებულოს ბიუჯეტზე, შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება იმოქმედებს ქუთაისის ბიუჯეტზე და აირევა ქვეყანა,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობაზე პარტიის ლიდერების უფლებამოსილებით ისაუბრეს, ამის უფლება აქვთ, მაგრამ ეს სატელევიზიო მიმართვის სახით არ უნდა გავრცელებულიყო.

„ერთი და იმავე პარტიის ორი განსხვავებული წევრი, ერთმანეთს ჟურნალისტების მეშვეობით არ უნდა ესაუბრებოდნენ,“- აცხადებს მურმან დუმბაძე და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კახა კალაძის განცხადება სიჩქარისა და გადაღლის შედეგი იყო. „ექსკლუზივს გეტყვით: ამ განცახდების შემდეგ კახა კალაძემ დაურეკა ავთო ბერიძეს და ინციდენტი არის ამოწურული,“- განმარტავს დუმბაძე.

შეგახსენებთ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაწყვეტილება, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით 83 ათასი ლარის ღირებულების მაღალი გამავლობის ავტომანქანა „ტოიოტა პრადოს“ 2014 წლის მოდელი შეეძინა. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბერიძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის საკითხს უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტსაბჭო განიხილავდა.

კომენტარები