„დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქია მძვინვარებს დასავლეთ საქართველოში. თუმცა, ჩვენ ყველა ვმოძრაობთ აჭარაშიც, ქუთაისშიც და ვნახეთ, რომ ჩვეულებრივი დეკემბრის თოვლი მოვიდა საქართველოში და ეს სიურპრიზი აღმოჩნდა მხოლოდ ხელისუფლებისთვის,“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ამბობდნენ, რომ მსგავსი თოვლი აჭარაში ბოლო 100 წელია, არ ყოფილა, მერე თქვეს, რომ ბოლო 25 წელია, რაც მსგავსი სტიქია არ ყოფილა, ბოლოს კი თქვეს, რომ თურმე საბოტაჟი განხორციელდა და ალბათ, ამასაც „ნაციონალებს“ დააბრალებენ, როგორც თბილისში ნარკომანიის ზრდა „ნაციონალების“ წევრების მიერ სადარბაზოებში შპრიცების დაყრით ახსნეს.

„მანქანის სკანდალზე რამდენიმე ვერსია იკვეთება და ერთ-ერთია შიდა კლანური დაპირისპირება, რომელიც არსებობს აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს – ხაბაძესა და დუმბაძე-ბერიძის კლანებს შორის,“- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაწყვეტილება, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით 83 ათასი ლარის ღირებულების მაღალი გამავლობის ავტომანქანა „ტოიოტა პრადოს“ 2014 წლის მოდელი შეეძინა. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბერიძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის საკითხს, უახლოეს დღეებში, პარტიის პოლიტსაბჭო განიხილავდა.

კომენტარები