„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლება მთავარი ოპონენტის პარტიის გასანადგურებლად მოქმედებდა და საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ შეტევა განახლდებოდა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზაციის პროცესის ნაწილი იყო პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანსა და გიორგი ბარამიძეს შორის მომხდარი ინციდენტიც.

„ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელდა გაუგონარი რამ – ადამიანი გამოიყვანეს საკნიდან, გადააცვეს თავზე საკუთარივე ჩასაცმელი. ღამე ატარეს… პრაქტიკულად, დღეს დავდექით სერიოზული ტესტის წინაშე. მთავრობის წარმომადგენლებს მომხდარი ფაქტი კატეგორიულად არ უარუყვია. პირიქით, განცხადებებში მოვისმინეთ, რომ თუ საჭიროა, კადრებს გაასაჯარობენ. დიახ, ჩვენ მოვითხოვთ კადრების გასაჯაროებას. კანონმდებლობა მკაფიოდ ითხოვს, რომ აუცილებელია ამ დროს გამოძიების დაწყება,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომლის ზეწოლაზეც საუბრობს მერაბიშვილი, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, ხოლო, პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. შეგახსენებთ: ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

“პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ “ვითანამშრომლებდი” ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის “ნაშოვნი ფულის” ადგილსამყოფელზე, ქვეყნიდან გასვლის შანსს მომცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარები