საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ გაუგებარია ვანო მერაბიშვილის პოზიცია, რომ მასზე სუპერზეწოლა ხორციელდება, მაგრამ, იმავდროულად, ადვოკატზე უარს აცხადებს.

„მე ვფიქრობ, რომ ის სრულ ტყუილს ამბობს. არც ერთი დღე და არც ერთი წელი ივანე მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის, არ მაძლევს საფუძველს, რომ მისი მჯეროდეს,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“.

მისივე განმარტებით, მერაბიშვილის განცხადებებს ხუმრობით თუ განიხილავს, გამოდის, მერაბიშვილს ციხეში უჭირს ყოფნა, პრობლემები აქვს და ეჩვენება, რომ მეორდება დრო, როცა ქვეყანას მართავდა და მეორდება ციხეებში პატიმრებთან დამოკიდებულებაც. რეალურად კი ამ განცხაადებების უკან ბევრი სერიოზული ფაქტორი შეიძლება იყოს, რომლებზე საუბარი იმიტომაც არ ღირს, რომ შესაძლოა, ვინმემ სპეკულირებად მიიჩნიოს.

„აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ვანო მერაბიშვილი რასაც ამბობს, არის ტყუილი. მის მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, ვესაუბრე სასჯელაღსრულების მინისტრს და მივიღე პირდაპირი პასუხები. ჩემთვის ეს მოკლეფეხებიანი ტყუილია – დასაბუთებადი და დადასტურებადია ეს ტყუილი, როგორც კი გამოძიება დაიწყება. ეს არის იმ ტიპის ბრალდება, რომელზეც აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება,“- განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მერაბიშვილის განცახდების მსგავს საქმეებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები არ იქმნება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს სიმართლე და ან დამნაშავეები დაისაჯონ, ან თავად მერაბიშვილს დააკისრონ პასუხისმგებლობა დანაშაულის დაბრალების მუხლით.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

“პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ “ვითანამშრომლებდი” ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის “ნაშოვნი ფულის” ადგილსამყოფელზე, ქვეყნიდან გასვლის შანსს მომცემდა , წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

კომენტარები