საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ არის ალბათობა, თბილისის მერი გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებამდე დააპატიმრონ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის დევნის მეორე ტალღა წამოიწყო და დემოკრატიული არჩევნების შდეგად მოპოვებული ხალხის ნდობის მანდატი ხალხის ყოფის გაუმჯობესების ნაცვლად პოლიტიკური ოპოზიციის დევნაზე დახარჯოს.

„ეს არის მცდარი და თავად მთავრობისთვის საზიანო გადაწყვეტილება, რადგან გაამწვავებს მთავრობის ისედაც რთულ მდგომარეობასა, ეკონომიკურ ვითარებას, კიდევ უფრო გააძნელებს ცრუ დაპირებების შესრულებას,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

შეგახსენებთ: უგულავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. დედაქალაქის მერს სამართალდამცველები დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და მითვისებას ედავებიან.

კომენტარები