საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მის სამსახურში აუდიტის შესვლის მეორე დღესვე დაიწყო და ერთ-ერთი გაზეთის მეშვეობით მისი დისკრედიტაცია ამ დრომდე გრძელდებოდა.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიტყვებით მლანძღავდნენ. წერდნენ, რომ ვარ „ფოლკლორის ჯალათი“, უკანასკნელი სიტყვებით გალანძღეს დედაჩემი. საგაზეთო პუბლიკაციაში პირდაპირ ეწერა: „ე, ბიჭო, შენ … ხომ არა გაქვს“, წერდნენ რომ ვიყავი „სოფლიდან ჩამოთრეული“ და ძონძებს ვიცმევდით მე, დედაჩემი და ჩემი ოჯახის წევრები,“- განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“.

მისივე თქმით, ხვალ აღნიშნულ სატატიებს და კონკრეტული პირების გვარ-სახელებს საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნებს. ცილისმწამებლური კამპანიის კონტექსტში უშიკიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ დაბადებულ მის შვილზეც დაწერეს, „მორიგი ჯალათი“ დაიბადაო.

უშიკიშვილის მტკიცებით, მასზე ცილისმწამებლური სიტყვების მთქმელთა ნაწილის ფოკლორიც ცენტრში დასაქმება უახლოეს დღეებში იგეგმება. „აუდიტი რომ დასრულდა, სრულიად აბსურდული დასკვნა დაწერეს. თურმე, დანაშაული ყოფილა, „ფოლკრადიო“ რომ შევქმენი, თურმე, დანაშაული ყოფილა რომ ფოლკლორის სკოლა გვაქვს,“- განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა. მისივე თქმით, ბრალდებები რომელსაც მას უყუნებენ, აბსურდულია, რის გამოც აპირებს, სასამართლოს მიმართოს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ თანამდებობიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გიორგი უშიკიშვილი ორი დღის წინ გაათავისუფლა. დღეს კი სამინისტრომ ფოლკლორის ცენტრში ჩატარებული აუდიტის მასალები გამოაქვეყნა, რომელშიც დარღვევების შესახებ ინფორმაცია 6 პუნქტად არის ჩამოყალიბებული:

„ბატონ გიორგი უშიკიშვილის მიერ ცენტრში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დამოწმებულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანხებზე. ერთი და იმავე საგანზე წარმოდგენილია გაორებული შესრულებულ სამუშაოთა და მიღება-ჩაბარების აქტები. „ფოლკლორის ცენტრის“ სტრუქტურაში მოქმედი სკოლა-სტუდია ბატონმა გიორგი უშიკიშვილმა გამოყო ფოლკლორის ცენტრიდან და პირადად გახდა აღნიშნული სკოლა-სტუდიის მფლობელი. ფოლკლორის ცენტრის ბალანსზე რიცხულ შენობაში უკანონოდ ფუნქციონირებს ბატონ გიორგი უშიკიშვილის მიერ პირადად დაფუძნებული შპს. ფოლკ-რადიო და ა(ა)იპი სკოლა-სტუდია. წლების მანძილზე ფოლკლორის ცენტრში არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რაც უხეშად არღვევს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მართვის დადგენილ ნორმებს. წლების განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებები კანონმდებლობის დარღვევებით ფორმდებოდა. გამოვლინდა ცენტრის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი (ბატონი გიორგი უშიკიშვილის პირად საკუთრებაში არსებულ აქტივებზე იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები),“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები