საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცავალების საკითხი, ძირითადად, წინასაარჩევნოდ აქტიურდება ხოლმე და ეს თემა ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაციების საგანია.

„რაც მე მაქვს საბუთები ნანახი, ზურა არის გარდაცვლილი, ზურა არავის არ მოუკლავს. თუ ვინმეს ჰგონია, ჩვენ კიდევ დაველოდებით, რომ ვიღაც კიდევ იტყვის ამას და კიდევ ერთი წელი ისე გავა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ დასრულდება, ძალიან ცდება,“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალები პროკურატურაში იყო, მაგრამ ამ ინფორმაციის გასაჯაროება საჭირო არ იყო.

„რადგან ამ თემაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ამაზე ვარაუდებით, ვერსიებით, „გრინ სერვისის“ თემებითა და „მეშოკის“ თავზე წამოცმით კი არ უნდა მოხდეს, არამედ, მტკიცებულებებით, საბუთებით დაა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ თემას,“- განაცხადა მაჭავარიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ, დაახლოებით იცის, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, რა ვერსიაზე მუშაობს პროკურატურა, მაგრამ ახლა ამას არ იტყვის და იტყვის მაშინ, როცა თავად ჩათვლის საჭიროდ.

შეგახსენებთ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. იმდროინდელი ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით ზურაბ ჟვანია ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ ჟვანიას ოჯახის წევრებსა და ახლობლების ნაწილს. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საკითხს მთავარი პროკურატურა ხელახლა იძიებს.

კომენტარები