საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს და დღეს არსებულ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები უნდა გაეცეს.

„ვანო მერაბიშვილი ბრალს სდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, ვინ უნდა გამოიძიოს? გენერალურმა ინსპექციამ? მერე ვიტყვით, რომ გენერალური ინსპექცია მის დაქვემდებარებაშია და ობიექტური ვერ იქნება. არსებობს სხვა საპროცესო შესაძლებლობები. ვანო მერაბიშვილმა საკითხი იმ სასამართლო განხილვის ფარგლებში დააყენა, რომელშიც იხილება მისი ბრალდების საკითხი. მერაბიშვილის ადვოკატებს შეუძლიათ, დააყენონ შუამდგომლობები, მოსთხოვონ მოსამართლეს, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით ამოიღონ მასალები. სასამართლო არის ერთადერთი ობიექტური და მიუკერძოებელი,“- განაცხადა თამარ კორძაიამ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოზიციაში“.

მისივე თქმით, სასამართლო პროკურატურაზე, პარლამენტზე და ყველა უწყებაზე მაღლა დგას და მოსამართლემ მიუკერძოებელი გადაწყვეტილება ღია სასამართლო პროცესზე უნდა გამოიტანოს.

კომენტარები