საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სასამართლომ კანონის თანახმად უნდა იმოქმედოს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნის უფლება არც თბილისის მერს უნდა ჰქონდეს, მოქმედი კანონით კი სასამართლოს თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება ჰქონდა.

„ეს ის კანონია, რომელიც უგულავას და მისი თანაგუნდელების მიღებულია, რომლითაც ზეპირი განხილვის გარეშე, მხარეთა მონაწილეობით ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მისცეს მოსამართლეებს და ასე ასამართლებდნენ ადამიანებსაც. თანამდებობიდან გადაყენება კი არა, დაუსწრებლად ხდებოდა განაჩენების გამოტანა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“.

მისივე თქმით, უგულავა რადგან ქალაქის მერია კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს და როცა საუბარია დაახლოებით 70 მილიონი ლარის გაფლანგვასა და მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაზე, პასუხი მერსაც უნდა მოეთხოვოს. ბესელიამ საუბრისას ყურადღება მთავარი პროკურორის მიმართ გიგი უგულავას დამოკიდებულებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის, რასაც დღეს მთავარი პროკურორი აკეთებს, მისი ვალდებულებაა.

„მთავარ პროკურორს ვალდებულება აქვს, გამოიძიოს დანაშაული, რომ რეაგირება მოახდინოს და არ დამალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ გახდება ამ უკანონობის თანამონაწილე. კარგია, რომ პროკურატურა დღეს ახალი ენერგიითა და ტემპით ამუშავდა. თუ ბატონმა უგულავამ არ იცის და ამბობს, რომ ბატონ ფარცხალაძეს არც სახე აქვს… შევახსენებ, რომ „კმარას“ სახელით რომ დარბოდა უგულავა, ფარცხალაძე იყო პოლიციელი და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, 18 წლიდან იყო ის ამ სისტემაში,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 დეკემბრის განჩინებით გიგი უგულავა თანამდებობიდან მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გადააყენეს. თბილისის მერის გადაყენების თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა.

თანამდებობიდან გადაყენებამდე გიგი უგულავას სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა და 30 დღის განმავლობაში 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. უგულავას წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე წინასასამართლო პროცესი 2014 წლის 5 თებერვლისთვის ჩაინიშნა. თბილისი მერის წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე წარმოებს.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი ათობით მილიონ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები