საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოთარ ფარცხალაძის მიერ დაკავებული თანამდებობები დღევანდელი მისი თანამდებობის თანაწონადი არ არის და თუ მათ შეცდომა მოუვიდათ, დღეს ეს შეცდომა აღმატებულ ხარისხში არ უნდა განმეორდეს.

თარგამაძე განმარტავს, რომ მთავარი პროკურორის შესახებ ინფორმაცია მათ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მას შემდეგ მიაწოდეს, რაც მთავარი პროკურორის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეშფოთდნენ.

„ან ფარცხალაძე დატოვებს თანამდებობას, ან – საქართველო ისევ დაემსგავსება ბანანის რესპუბლიკას,“- განაცხადა გივი თარგამაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“.

შეგახსენებთ: გიგი უგულავამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის.

„ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა”.

უგულავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით უპასუხა მთავარმა პროკურორმა.

„2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა. მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია,“- განმარტა ფარცხალაძემ. მან პროკურატურის ვებგვერდზე საკუთარი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლიც გამოაქვეყნა.

კომენტარები