TV3-ის გენერალური დირექტორი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლა თვეების წინ დაიწყო, მაგრამ ამის შესახებ ღიად საუბარი ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს, როცა თბილისის მერმა არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ჩხენკელის მიმართ ღირსებაშემლახველი განცხადება გააკეთა.

„უგულავას შემდეგ მთელი დღეების განმავლობაში მთელი პარტიული რესურსი ჩაერთო ტელევიზიის დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ პიარკამპანიაში… გივი თარგამაძემ ჩვენი ტელევიზიის დამფუძნებელი მოიხსენია ბანდიტური დაჯგუფების წევრად, მანამდე კი იყო ვაშაძისა და ნადირაშვილის განცხადებები,“- განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ყველა წითელ ხაზს გადააბიჯეს, მედიაჰოლდინგის დაკნინება და დემონიზაცია გადაწყვიტეს და ზეწოლაზე განცხადებების გავრცელების საბაბიც ეს გახდა. ტელევიზიის გენერალური დირექტორის განცხადებით, კონკრეტული შანტაჟი „ანატომიის“ ერთ-ერთ გადაცემას მოყვა.

„ეს იყო გარკვეულწილად განაწყენება იმ საგამოძიებო გადაცემების გამო, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ ტენდერებსა და კონკრეტულ დარღვევებს ეხება,“- განაცხადა ბაინდურაშვილმა. მისი თქმით, იურისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ტელეკომპანია რეპუტაციის შელახვის საკითხზე სასამართლო გზით იბრძოლებს.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია TV3-მა დღეს შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია ტვ3-ს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ რიგი პოლიტიკოსები, პირველი განცხადება ტელევიზის წინააღმდეგ გააკეთა დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც მისთვის მერობის უფლებამოსილების შეჩერებამდე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ლაშა ჩხენკელი იყო დაინტერესებული მის წინააღმდეგ ე.წ. მართული პროცესებით.

პირველი განცხადების შემდეგ ტელეკომპანიამ და მისმა დაფუძნებლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ პასუხი გაეცათ დედაქალაქის მერის აბსურდული განცხადებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც ტვ3-ს წინააღმდეგ კამპანიამ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მიიღო მართული ხასიათი, ტელევიზია თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტელევიზიის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა ადგილი აქვს შანტაჟსა და მუქარას, დაინტერესების შემთხვევაში, ტელეკომპანია ტვ3 გამოთქვამს მზადყოფნას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიაწოდოს ამის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები.

ტელეკომპანია ტვ3 სთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, ხოლო მედიასაშუალებებს – დაიცვან ტვ3 „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ზეწოლის მცდელობისგან.“

კომენტარები