„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს და მას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. „ვერ ვგრძნობ, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს პრეზიდენტი,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ე.წ მავთულხლართებთან დაკავშირებით უმართებულო განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, 21 საუკუნეში, სად გაივლის მავთულხლართები.

„მოდით, ვკითხოთ დიცში, დვანში, სხვაგან მაცხოვრებელ ადამიანებს, რომელთა ბაღებსა და სახლებზე გაიარა ამ მავთულხლართებმა, აქვს თუ არა ამ მავთულხლართების გავლის ადგილს მათთვის მნიშვნელობა. ამ ადამიანებმა საკუთარი ხელით აშენებული სახლები დაშალეს აგურ-აგურ და გადმოიტანეს მავთულხლართების მიღმა. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა, მავთულხლართები სად იქნებაო, ეს შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ რუსთაველზეც გაგვიტაროს რუსეთმა მავთულხლართები,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა ჭაობისკენ მიდის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და რეფორმებზე საუბრის ნაცვლად ხელისუფლება მუდმივად არის წამოგებული „ნაციონალური მოძრაობის“ ანკესზე და ამ პარტიის დღის წესრიგს მიყვება.

კომენტარები