პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური მედიის მიერ გაზვიადებულია და ამბის ამგვარად გახმაურება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის, რადგან პარტიის წარმომადგენელთა მიზანი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციაა.

“ხმაური ფარცხალაძის ირგვლივ, მიმაჩნია, რომ არის გადაჭარბებული. ეს თემა ძალიან ზედმეტად აწიეთ მედიამ და, სხვათა შორის, „რუსთავი 2–მაც“ საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ თემის აჟიტირებასა და ხმაურის ატეხვაში. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო, რომ მომხდარიყო ოთარ ფარცხალაძის სახელის, მისი პიროვნების დისკრედიტაცია, მისი დემონიზაცია. არ გამიკვირდება, რომ ის მალე გამოაცხადონ ვამპირად, კაცის მკვლელად და ათასი სისულელე დააბრალონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოზიციაში“.

ღარიბაშვილის განმარტებით, ფარცხალაძის წინააღმდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორგანიზებული კამპანია დაგაგემეს და ვანო მერაბიშვიულის ციხიდან გაყვანის შესახაბ საუბრებიც ამ პროვოკაციის ნაწილი იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, თქმით, ფარცხალაძეს ნასამართლევობა არ დაუმალავს და ამის შესახებ განცხადება თავადვე გაავრცელა.

„არასდროს ვაკადრებთ მოსახლეობას ვთქვათ ტყუილი. როცა ეს ფაქტი გასაჯაროვდა, ოთარ ფარცხალაძე გამოვიდა და თქვა, რომ დიახ, 14-15 წლის წინ შეემთხვა ინციდენტი, დაადასტურა, რომ ნასამართლევია, კერძოდ, პოლიციელთან მოუხდა ინციდენტი, რის გამოც მას მიესაჯა 1 წელი და 3 თვე, თუმცა რამდენიმე თვეში გათავისუფლდა… შეიძლება ბრალში სხვა რამე ჩაიწერა, მაგრამ რამდენიმე თვეში გაირკვა და ეს ადამიანი გამოვიდა, არც მისი დეპორტირება მომხდარა და არც გერმანიაში შესვლა აკრძალვია,“- განმარტა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ ფარცხალაძის ნასამართლევობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. „ბოლოს გავიგე, ბუნებრივია. ბავშვობაში ვიღაცამ რაღაცა რომ ჩაიდინა იმით არ ვინტერესდები. სამართლებრივად, არანაირი პრობლემა არ არის, რომ ფარცხალაძეს ეკავოს სავარძელი“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბავშვობაში ჩადენილი დანაშაულის გამო, ადამიანს პერსპექტივა არავინ უნდა მოუკლას.

კომენტარები