პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ცუდია, თუ მთავარ პროკურორს არავინ აკრიტიკებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა საკითხზე აკრიტიკებენ მას. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე არავის გადაუყენებია და მისი გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე 15 წუთით ადრე გაიგო.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს ან არ დანიშნავდა, ანდა 15 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამო აღარ გაათავისუფლებდა.

„მთავარი პროკურორი არავის გადაუყენებია. რაც შეეხება მის შესაძლო გადაგომას, ამის თაობაზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ მკითხეს, ჩემი პოზიცია იყო ასეთი: თუ თანამდებობის პირი ხედავს, რომ გარემოებათა გამო მოვალეობის შესრულება სათანადოდ აღარ შეუძლია, ამას ყველაზე უკეთ თანამდებობის პირი გრძნობს და პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია, გადადგეს თუ არ გადადგეს. ესაა ჩემი პოზიცია დღესაც,“- განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იემდის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მთავარმა პროკურორმა, ჩათვალა, რომ შექმნილი სიტუაციაში უმჯობესი იქნებოდა, მთავარი ბრალმდებელი მყარად წელში გამართული იყოს ყველა საკითხზე. დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ დანიშნული პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა სასიამოვნო ფაქტი არ არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ფარცხალაძემ ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურორმა დღეს საპეციალური განცხადება გაავრცელა და თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად საზოგადოებრივი აზრი დაასახელა.

„ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა.

გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს,“- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები