საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქართველი საზოგადოება ჰიპერაქტიურ პრეზიდენტსაა შეჩვეული, რომელსაც დაუბალანსებელი კონსტიტუცია დიდ უფლებებს ანიჭებდა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შეხედულებებს ნებისმიერ საკითხზე გამოხატავდა და არქიტექტურაზე, მეტეოროლოგიასა და უცხოპლანეტელებზეც კი საუბრობდა.

„არ მგონია, რომ ახალი, თანამედროვე ევროპული ტრადიციისთვის, იმ ტრადიციისთვის, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ, რომელშიც ძალიან მკვეთრად არის განსაზღვრული, ვის რა პასუხისმგებლობა გააჩნია, სავალდებულო იყოს ყველა თემაზე კომენტარის გაკეთება,“- განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, პოზიცია ბევრ საკითხზე გააჩნია, მაგრამ გარკვეული ვალდებულებების ფარგლებში მოქმედებს და იმოქმედებს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიური მოქალაქე ვიყავი მედიაში და ბევრ საკითხზე გამოვთქვამდი მოსაზრებას, როგორც მოქალაქე. აქტიური რომ ვყოფილიყავი, ამას მავალდებულებდა ის, რომ მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ეს იყო ჩემი პასუხსიმგებლობა. პრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობები გააჩნია და არა უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალდებულება. პოლიტიკური პასუხსიმგებლობა უკავშირდება იმ საკითხებს, რომელიც მისთვის კონსტიტუციით არის განსაზღვრული,“- განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები