ეს ფრაზა მე არ მეკუთვნის. ეს პრემიერ-მინისტრმა თქვა მედიასთან გამართული შეხვედრის ბოლოს და ისიც დააყოლა, „რიგ შემთხვევაშიო“. „უკაცრავად, თუ უხეშად გამომივიდა, რიგ შემთხვევაში“, – თქვა ღარიბაშვილმა და ამ შეხვედრის მერე ამაზე ვფიქრობ, თავად რას მიიჩნევს „რიგ შემთხვევად“.

მედია რომ უნდა დატუქსო და უმადური ეძახო იმის გამო, რომ ვერ ხედავს, როგორ გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მტრები ანუ „ნაციონალები“ აღარ არიან, უკვე მემკვიდრეობით მიღებული ჩვევაა და ამას ნამდვილად არ ჩათვლიდა „რიგ შემთხვევად“. მერე რა, რომ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში თუ „არასწორ კალკულაციაში“ დაადანაშაულა, ამ შეხვედრაზე სტატისტიკის მონაცემებით საუბრობდნენ, პრემიერი კი – კაცმა არ იცის, რა მონაცემებით.

იმაზეც არაფერს ვიტყვით, მისთვის სასურველი არც ერთი მონაცემი რომ არ დაასახელა, თუნდაც ის, რომ აპრილში ეკონომიკა მხოლოდ 2,7%-ით არის გაზრდილი და ეს ძალიან ცუდის ნიშანია. მით უმეტეს, რომ შარშან ამ დროს ივანიშვილი ჰპირდებოდა ხალხს, მომავალ წელს უკეთესი მდგომარეობა იქნებაო. კიდევ ერთიც და სხვა თემაზე გადავალ, კაცობრიობის შეთანხმებაა, რომ 1 წელში 12 თვეა და, თუკი ჟურნალისტი იტყვის, რომ 1 წელში მინისტრებმა „იქს“ თანხა აიღეს, ნებისმიერმა იცის, რომ ეს 1 წელი 12 თვეს გულისხმობს და მეორე, რიგითი ადამიანებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ამ აღებულ ფულს „პრემია“ ერქმევა თუ „დანამატი“. ჟურნალისტი არაფერ შუაში არ არის, თუ კითხვაზე პასუხს ითხოვს. მაგრამ „ირაკლის ხო გამეორება არ სჭირდება“ და არც არავის არ გაჰკვირვებია, რომ ტონი, ინტონაცია, ლექსიკა, ტერმინოლოგია და ა.შ. ძალიან ნაცნობი იყო.

კიდევ ერთი, რადგან ინფორმაციის გადამოწმებაზე თუ გადამოწმებული ინფორმაციის მოშველიებაზე ვლაპარაკობთ, ვერ გავიგე, ღარიბაშვილმა „მაპ“-ის მიღებაზე საუბრისთვის სააკაშვილი რომ გალანძღა, ეს ის შემთხვევა იყო, ანდაზა ასე რომ გამოხატავს, „ძაღლს სცემდნენ, რძალს ასმენდნენო“? რა ვიცი, შარშან ამ დროს, ზუსტად აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ივანიშვილი ამბობდა, 2014 წლის ბოლომდე მაპ-ს მივიღებთო და როგორ დავიჯეროთ, რომ ეს ღარიბაშვილს არ ახსოვდა? ძნელი წარმოსადგენია, მას ხომ ორჯერ გამეორება არ სჭირდება.

მაგრამ მე კიდევ იმაზე ვფიქრობ, რა იყო „რიგი შემთხვევა“?

ამ კატეგორიაში, ცხადია, ვერც ის მოხვდება, პრეზიდენტთან სალაპარაკოდ დრო რომ არა აქვს და ამის გამო, რასაც უნდა იმას იტყვის და მერე ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ სიმართლე ის არის, რაც ღარიბაშვილმა თქვა. არ დავიჯერებთ და მოვხვდებით ზოგი არაკომპეტენტურების და „ნაციონალების“ კითხვების დამსმელთა, ზოგი კი – სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელთა რიგში.

ჰო, პრეზიდენტს თუ მოუნდება, შეიძლება იმ დელეგაციის შემადგენლობაში ჩასვან, რომელიც ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად გაემგზავრება. ნეტა როდიდან ზრუნავს პრემიერი პრეზიდენტის სურვილებზე? მას შემდეგ ხომ არა, რაც სააკაშვილის დატოვებული უფლებებიც ლამის სრულად რომ ჩამოართვა? დიდი ამბავი, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და რაც არ უნდა შეუმცირონ უფლებები, რანგით მაინც მთავრობის მეთაურზე ზემდგომი იქნება.

ცნობისთვის: სახელმწიფოში შედის აღმასრულებელი ხელისუფლებაც, პარლამენტიც, სასამართლოც და საერთოდ მთელი მოსახლეობა. თუმცა, რას ვლაპარაკობ, კონსტიტუცია რა მოსატანია იქ, სადაც გერმანიაში ერთ კვირაში ორჯერ ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა გერმანიის „პრეზიდენტი თვალით ვერ ნახა“. რაში გვაინტერესებს, გერმანიის კონსტიტუცია ვის რა ფუნქციას ანიჭებს.

როგორც ჩანს, „რიგ შემთხვევაში“ ვერც ის მოხვდება, რომ პრემიერ-მინისტრს „პროკურატურიდან აქვს ინფორმაცია, რომ ყველა ამ საქმეზე წლის ბოლომდე დადგება განაჩენი“, რადგან არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ინფორმაცია პრემიერს ვერ ექნება, ვერც ამ ფორმით და ვერც საერთოდ.

რა თქმა უნდა, ვერც ის, რომ, თურმე, შარშან პირადად ღარიბაშვილის ინიციატივით და ძალისხმევით გაუნადგურებიათ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები. როგორც ჩანს, შარშან თვეების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება ღია და დახურულ შეხვედრებს რომ მართავდა ღარიბაშვილთან, ეხვეწებოდნენ, არ გაანადგუროთო და თვითონ თავს იკლავდა, უნდა გავანადგუროო და ძლივს დაიყოლია ეს ხალხი განადგურებაზე.

ბევრს ვლაპარაკობ, ხო? რა ვქნა, დამავიწყდა, სააკაშვილის დროს რა წნეხის ქვეშ ვიყავით.

და მაინც რატომ გამართა ეს შეხვედრა ღარიბაშვილმა მაინცდამაინც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? რა ჰქონდა მას მოსახლეობისთვის სათქმელი გერმანიაში გამართული შეხვედრის მეორე დღეს, მით უმეტეს, რომ მერკელის ნათქვამი, მაპ-ის საკითხი არ განიხილებაო, მაინცდამაინც კარგი მოსასმენი არ არის და მოსახლეობის რა ნაწილს არ სჭირდება ორჯერ გამეორება, რომ კითხვა არ დასვას?

„… უკაცრავად, თუ უხეშად გამომივიდა რიგ შემთხვევაში…“

კომენტარები