ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ხარჩილავა აირჩიეს. ხარჩილავა ცენტრის უბანში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ის მიღებული 1208 ხმით საკრებულოს წევრი გახდა.

ოთარ ხარჩილავა დაიბადა 1987 წელს. 2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქვს მაგისტრის წოდება ეკონომიკურ დარგში.

ხარჩილავა 2007 წელს, ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის მოწვეული სპეციალისტად მუშაობდა. 2009-2012 წწ. შპს „ეგრისი +“-ის დირექტორი იყო.

ოთარ ხარჩილავა, გასულ წელს, დაინიშნა მერის თანაშემწედ სპორტისა და კულტურის საკითხებში და აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევნებამდე მუშაობდა.

ოთარ ხარჩილავა 2007 წელს გასამართლებულია ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მას დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

2010 წელს, ის ხელმეორედაა გასამართლებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე. ის საპროცესო გარიგებით დაკისრებული 50 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

2013 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით მას მოეხსნა ნასამართლეობა.

თავად ხარჩილავა მისი დაკავებების ფაქტს, სააკაშვილის პერიოდში, მისი და მამამისის – ბიზნესმენ გიზო ხარჩილავას დევნას უკავშირებს.

კომენტარები