“ერის სიდიადე და მორალური პროგრესი, შეიძლება შეფასდეს იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ცხოველებისადმი“მაჰათმა განდი

თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა საკითხებზე, თვეში ათასამდე საჩივარი შედის. მიუხედავად იმისა, რომ საჩივარს ხელს ოთხი ადამიანი აწერს, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის თემა განსაკუთრებული ყურადღების ღირსი გახდა.

ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვის ლობირებს საკრებულო, რატომ ქონდა უფლება მას მოეწვია სხდომა აღნიშნულ რეჟიმში, აძლევდა თუ არა მას კანონი ამის უფლებას, რა დასკვნის გამოტანას აპირებს სახელმწიფო სტრუქტურა ამ თემაზე და რას ფიქრობს ამ ყველაფრზე ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი, ვინ უჭერს მას მხარს, ათასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომელიც სოციალური ქსელებში ვრცელდება.

მომხრეები და მომჩივნები…

რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის შესაძლო დახურვის საკითხი განიხილებოდა, საკრებულოს შენობასთან მოქალაქეებმა აქცია თავშესაფრის შენარჩუნების მოთხოვნით გამართეს.

სხდომა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, რადგან მომჩივან და მოპასუხე მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თავშესაფარი ვაკეში, გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის თამაზ ელიზბარაშვილის კერძო საკუთრებაა.

მისი დახურვის მოთხოვნით, ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი გამოდის. ისინი აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძობენ.

„გვაწუხებს 300 ძაღლის ყმუილი და სუნი. დაიხუროს ეს თავშესაფარი და სხვაგან გადაიტანონ,“ – აცხადებენ მომჩივნები.

კომიისიის სხდომა საკრებულოს მიერ, თავშესაფართან გადაღებული კადრებით გაიხსნა, სადაც ნაჩვენები იყო ძაღლების ხმაურის და ადგილზე არსებული ანტისანიიტარიის კადრები. რასაც დამსწრეების მხრიდან ცუდი რეაქცია მოყვა, სხდომაზე მყოფმა ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნული სიუჟეტის გაშვება გააპროტესტა და საკრებულო მიზანმიმართულ პროვოცირებაში დაადანაშაულა.

,,საკრებულოს არა აქვს უფლება ასეთი ტიპის სასამართლო მოაწყოს. მასალა, რომელიც მათ წარმოადგინეს, იმისათვის რომ ენახებინათ რა დარღვევებია თავშესაფარში, იყო ცალმხრივად გაკეთებული საკრებულოს ოპერატორის მიერ. ე.ი. საკრებულო ლობირებს ვიღაცას, იმ ხალხს, ვისაც მიაჩნია რომ ეს ცხოველები უნდა დარჩნენ თავშესაფრის გარეთ, იმ 4 მეზობელს, რომელსაც თურმე აწუხებთ თავშესაფრის არსებობა, საინტერესოა 10 წელია ეს თავშესაფარი არსებობს, სად იყვნენ აქამდე?!“- აცხადებს ინგა გრიგოლია.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილი ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ საკრებულო ლობირებს ვინმეს ინტერესებს, მისი განცხადებით საკრებულოს მოვალეობაა ერთნაირად იყოს დაცული როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების უფლებები.

“საკრებულოს წევრებმა გამოვიჩინეთ კეთილი ნება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემის არსებობის მიუხედავად, საკითხი დღის წესრიგში ჩავსვით და მისი კონსტრუქციულ ფორმატში განხილვის მიზნით, გარემოს დაცვის კომისიაზე ორივე მხარე მოვიწვიეთ. სხდომას ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოსა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სწორედ კომისიის სხდომაზე უნდა განხილულიყო თავშესაფართან დაკავშირებული მდგომარეობის შესწავლა და გარკვევა, თუ რამდენად ჯდებოდა არსებული სიტუაცია კანონის ფარგლებში. საკითხის ბოლომდე მოსმენა ვერ მოხერხდა.” – აცხადებს ბუხრაშვილი

უფლებადამცველი, “გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, შესაძლოა ამ საქმის უკან გარკვეული ინტერესებიც იდგეს, რადგან საკრებულომ დანაპირების შესრულების ნაცვლად, რომელიც გულისხმობს უსახლკარო ცხოველების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადებას და განხილვას, იგი გაუგებარ ფორმატში განიხილავდა 4 ადამიანის კერძო საჩივარს.

“ეს და შემდგომ განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ საკრებულოს და სახელისუფლო წრეების რიგი წარმომადგენლების ზრუნვის საგანს არა მოქალაქეთა და ცხოველების პრობლემის მოგვარება, არამედ ქველმოქმედ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ, კონკრეტული კერძო და უკანონო ფინანსური ინტერესებით განპიროებებული ბრძოლის წარმოება წარმოადგენდა.

მჯერა, რომ ხელისუფლებაში მოკალათებული ის პირები, ვინც ელიზბარაშვილს აქტიურად უპირისპირდებიან, მხოლოდ იმ 4, მისი სავარაუდოდ გამომძალველი მეზობლის ინტერესების გამო არ წუხდებიან… შეიძლება, მათ თავშესაფრის მიერ ვაკის რაიონში დაკავებული საკმაოდ დიდი მიწის ფართობი ხიბლავთ კორპუსების ასაშენებლად, და ის 400-მდე ძაღლის გადასარჩენ ადგილად არ ემეტებათ… ან სულაც, სააკაშვილისდროინდელი ტრადიციების გაგრძელებას ცდილობენ და ელიზბარაშვილის ბიზნესის წილში ჩაჯდომას ცდილობენ…“- ამბობს ჩხარტიშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, იგი თავშესაფართან მცხოვრებ მოსახლეობას კომპენსაციის სახით, ყოველთვიურად უხდიდა გარკვეულ თანხას, მომჩივანნი კი ის პირები არიან, რომლებმაც თანხის გაზრდა მოითხოვეს და უარის გამო დაიწყეს მის წინააღმდეგ ბრძოლა.

“ყოველთვიურად მომჩივანს ვუხდიდი 500 ლარს. 2014 წლის სექტემბერში უკვე მომთხოვა 1000 ლარი, რაც უკვე აღარ მივეცი, შევუწყვიტე თუ არა ამ თანხის მიცემა, უკვე 500 ლარსაც აღარ ვაძლევდი, დაიწყო ჩივილი და აიყოლია მეორე ოჯახი. 4 ოჯახია სულ და ეს 2 ოჯახი ჩივის,“– განაცხადა ელიზბარაშვილმა.

თავშესაფრის მეპარტონეს პრეტენზია იმ კადრებთან დაკავშირებითაც აქვს, რომელიც თავშესაფართან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე უჩვენეს:

“შეხვდნენ მარტო მომჩივან მხარეს, იმათთან ერთად მოვიდნენ, გადაიღეს თავშესაფრის გარე პერიმეტრი, ჩემთან არც დაურეკავთ, არც თავშესაფარში იკადრეს შემოსვლა და საკრებულოში უკვე გარემოს დაცვის კომისია აღმოჩნდა მხარე,”– თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ ხმაურიანი დღის შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომაზე მოხდა, მეორე დღეს თბილისის მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს ინიციატივის შესახებ, რომლითაც საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისში საცოხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრზე ახლოს ძღლების თავშესაფრების არსებობა აიკრძალება და ისინი დახურვას უნდა დაექვემდებაროს.

სად მარხია ძაღლის თავი, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ფონზე, თავშესაფრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ერთ დღეში უკვე 7 000 მეტი ხელმომწერი ჰყავს.

კომენტარები