ბოლო პერიოდში, საინფორმაციო სივრცე უხვად არის გაჯერებული, კრიმინალური ფაქტების მომატების შესახებ ინფორმაციით. ყოველდღიურად საინფორმაციო საშუალებები გვამცნობენ ინფორმაციას სხვა და სხვა სულის შემძვრელი დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ამ ფონზე საზოგადოებას უჩნდება დაუცველობისის განცდა. ადამიანები სვამენ კითხვას: რა ხდება? მოიმატა კრიმინალურმა ფაქტებმა? სახელმწიფომ ხომ არ შეასუსტა ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ?

რა არის თავად კრიმინალური ფაქტი ანუ იგივე დანაშაული, რატომ არის იგი საშიში საზოგადოებისათვის?

გარდა იმისა, რომ კონკრეტულ დანაშაულებს ჰყავს დაზარალებული, თითოეული დანაშაულის ფაქტი უდიდესი ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის. დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედებით მიღებული სარგებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის სიკეთე, რასაც დანაშაულის შედეგად აზიანებს. შესაბამისად ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის და სიმძიმის პროპორციულად იზრდება ის ზიანი, რაც საზოგადოებას ადგება.

გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებს ანუ ჩვენ გვიწევს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოვყოთ თანხები, მაშინ როდესაც იგივე თანხები შეგვეძლო გაცილებით ეფექტურად დაგვეხარჯა მრავალ სოციალურ ან სხვა სამართლებრივი სიკეთის სასარგებლოდ.

ჩვენს მიერ გაღებული ხარჯი კი რამოდენიმე ასეული მილიონის ტოლია და თითქმის მილიარდამდე აღწევს, ფაქტობრივად მთლიანი ბიუჯეტის 7-10 პროცენტი. სახელმწიფოს როლი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ვალდებულებაა ებრძოლოს კრიმინალს და საზოგადოებას შეუქმნას უსაფრთხოების განცდა.

ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფო დგას მათი ჯანმრთელობის, ქონების და სიმშვიდის სადარაჯოზე. მანამდე მოახდენს რეაგირებას, ვიდრე მოხდება დანაშაული, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დროული და ეფექტური მოქმედებით, სწრაფად აღადგენს სამართლიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ კირიმინალის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება სრულიად პრაგმატულია, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ამ საკითხების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

წლების წინ, გვახსოვს პოლიტიკური მიზნებით წინასაარჩევნოდ ვადაზე ადრე სასჯელისაგან გათავისუფლებული პატიმრები. ტენდენცია გაძლიერდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების ერთჯერადი აქტით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულმა პატიმრებმა. ასევე 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით საპატირო დაწესებულებიდან ათასობით გათავისუფლებულმა პატიმარმა. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია იყო პოლიტიკური აქტივის დაგროვება.

ეს ცუდია თუ კარგი? თავისთავად ამნისტიაც და პატიმარის შეწყალება ჰუმანური აქტია და არ შეიძლება იყოს ცუდი. მაგრამ აქ არის მეტად მგრძნობიარე საკითხი, რასაც საზოგადოების უსაფრთხოება ჰქვია. სახელმწიფოს უნდა გადაეწყვიტა ორი მნიშვნელოვანი საკითხიდან რომელიმეს სასარგებლოდ არჩევანი – პატიმრების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებასა და საზოგადოების უსაფრთხოებას შორის.

არჩევანი პატიმრების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების სასარგებლოდ გაკეთდა. საპატიმრო დაწესებულებებიდან 17 000-მდე პატიმარი გათავისუფლდა, ამნისტიის აქტი შეეხო გაცილებით მეტ მსჯავრდებულსა და ბრალდებულს. ცნობილია, რომ როგორც წესი გათავისუფლებულ პატიმართა გარკვეული ნაწილი კვლავ სჩადის დანაშაულს და სახელმწიფოს უხდება მათი კვლავ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება. გამონაკლისი არც საქართველოა. გათავისუფლებული პატიმრების ნაწილი კვლავ უბრუნდება საპატიმრო დაწესებულებებს. ამ პროცესში კი ვზარალდებით ჩვენ, საზოგადოება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მმართველობის დროს გამოცხადდა “ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავეების მიმართ“, რა დროსაც შეიცვალა კრიმინალის მიმართ დამოკიდებულება, გამკაცრდა კანონები და სწრაფ რეჟიმში დაიწყო კრიმინალის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა. სახელმწიფომ მოინდობა „დიდი ბინძური ბაყაყის გადაყლაპვა“.

ამ პროცესს შეეწირა ასზე მეტი პოლიციელის სიცოცხლე, ასევე კრიმინალის თუ სავარაუდო კრიმინალის ასამდე მოქალაქის სიცოცხლე. გაუარესდა მართლმსაჯულების ხარისხი. გაჩნდა უსამართლობის განცდა. საპატიმროში მოხვდა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. ამ მძიმე პროცესების შედეგად, სახელმწიფომ შეძლო საზოგადოებაში გაჩინა უსაფრთხოების განცდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2007 წლის 12 თვეში დაფიქსირდა 54 746 კრიმინალური შემთხვევა, კერძოდ: 330 მკვლელობის, 411 მკვლელობის მცდელობის და 157 სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, ქურდობის 18 586, ძარცვის 1615, თაღლითობის 2222 ფაქტი. ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 8493 შემთხვევა. ასევე სხვა სახის დანაშაული.

2008 წლის რეგისტრირებულია 44 644 შემთხვევა, ანუ წინა წლის მონაცემთან შედარებით 10 102 ერთეულით ნაკლები. შემდგომ წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა კიდევ შემცირდა და 2011 წელს დარეგისტრირდა 32 261 ერთეული დანაშაული.

ფაქტობრივად, 2007-2011წწ. რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა 22 485 ერთეულით შემცირდა.

2012 წლის მონაცემებით, დანაშაულთა საერთო რაოდენობა, 2011 წელთან შედარებით გაიზარდა და 38 741 ერთეული შეადგინა, ანუ 6480 ერთეულით მეტი.

სამწუხაროდ, 2012-2013 წლის რეგისტრირებულ დანაშაულთა სრული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ გვერდზე არ არის გამოქვეყნებული, რაც არ იძლევა წინა წლების მონაცემებთან შედარების საშუალებას.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილი წარიმართება სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ელექტრონულ გვერდზე არსებობს მონაცემები, სადაც მითითებულია წლების განმავლობაში, რამდენი პირის მიმართ, რამდენი საქმე განიხილა საქართველოს საერთო სასამართლოებმა.

გახსნილი დანაშაულის რაოდენობიდან გამომდინარე, რაც შემდგომ განსახილველად წარიმართა სასამართლოში შესაძლებელია ზოგადი სურათის აღდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ 2011 წელს საქართველოს სასამართლოებში განსახილველად შევიდა 14 264 სისხლის სამართლის საქმე, 2012 წელს – 9133 საქმე რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით, 5131 სისხლის სამართლის საქმით ნაკლებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სასამართლოებმა წარმოებაში მიიღეს 13 794 სისხლის სამართლის საქმე, 2012 წლის მონაცემებზე 4 661 საქმით მეტი. ხოლო 2014 წლის 10 თვის მონაცემებით, სასამართლობში შევიდა 12198 სისხლის სამართლის საქმე 13791 პირის მიმართ, 2013 წლის იგივე პერიოდის მონაცემეზე საქმეთა რაოდენობა 1331 საქმით მეტია, ხოლო პირების რაოდენობა 1182-ით მეტი.

2013 წლის მონაცემთან შედარებით სასამართლოში წარმართულ საქმეთა რაოდენობა გაიზარდა 10.9%-ით.

2012 წელთან შედარებით 2013-14 წლებში, შეიძლება ითქვას, სასამართლოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამსახურების საგამოძიებო სამსახურებიდან განსახილველად წარიმართა 5992-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ გახსნის სისხლის სამართლის დანაშაულზე როგორც წესი, მოდის სამი გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმე, ლოგიკურად, 2012 წელთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2013-2014 გაზრდილი უნდა იყოს სულ ცოტა 15000-20000 ერთეულით.

2012 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა 38 741 ერთეულის პირობებში, სასამართლოებმა განიხილა 9133 სისხლის სამართლის საქმე რეგისტრირებული დანაშაულის მხოლოდ 23.8%.

შსს-ს მიერ გამოქვეყნდა რეგისტრირებული დანაშაულის 2013-2014 წლის 10 თვის მონაცემი, სადაც მითითებულია, რომ 2013 წლის მონაცემებით დარეგისტრირდა 23 711 სისხლის სამართლის საქმე ხოლო, იგივე პერიოდის მონაცემებმა 2014 წელს შეადგინა 19 787 ერთეული და სასამართლოში განსახილველად წარიმართა 12198 სისხლის სამართლის საქმე. ცოტაც და რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა და სასამართლოში განხილულ საქმეთა რაოდენობა სრულ თანხვედრაში მოვა. შეიძლება ითქვას შესანიშნავი მდგომარეობაა. რომ არა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

ფაქტობრივად გამოდის, რომ 2012 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა განახევრდა. ამავე დროს სასამართლოებში 5 992 ერთეულით მეტი სისხლის სამართლის საქმე წარიმართა განსახილველად. საიდან იზრდება სასამართლოში განსახილველ საქმეთა რაოდენობა თუ რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა იკლებს? ან რეგისტრირებულ დანაშაულის ასეთი მნიშვნელოვანი კლება, რა ღონისძიებების გატარების შედეგია? შეიცვალა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა, სტრატეგია? კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და მოხდა გარკვეული ქმედებების დეკრიმინალიზაცია? ან უბრალოდ მოქალაქეებმა ერთხელაც გადაწყვიტეს დანაშაულის ჩადენაზე ხელი აეღოთ და გამოსწორების გზას დასდგომოდნენ? თუ უბრალოდ, დანაშაული ხომ არ იმალება?

2012 წლის რეგისტრირებული დანაშაულის და განხილული საქმეების პროპორციას თუ გადმოვიტანთ დღევანდელ რეალობაში აღმოჩნდება, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2013 წელს არ იყო 50 000-ზე ნაკლები.

ხოლო 2014 წელს ეს მონაცემები კიდევ იქნება გაზრდილი და საერთო ჯამში, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის სავარაუდო ციფრი 2014 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 50 000-55 000 ერთეულამდე მიაღწიოს. ეს მონაცემი ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ კრიმინალური შემთხვევების დონე ფაქტობრივად დაუბრუნდა 2007 წლის მდგომარეობას.

ამ შემთხევაში სახელმწიფო ვალდებულია მკვეთრად გამოხატოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა. კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა იყოს ლიბერალური, გვიხაროდეს, რომ მცირდება რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა, რამაც ავტომატურად სამართალდამცავი ორგანოებისათვის კრიმინალის წინაამდეგ ბრძოლისათვის გამოყოფილი ხარჯების პროპორციულად კლება უნდა გამოიწვიოს. ან სახელმწიფომ აღიაროს, რომ კრიმინალური ფაქტების რაოდენობა გაიზარდა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ მკაცრი მეთოდებს გამოყენებას მიანიჭოს უპირატესობა.

თუ სახელმწიფომ მეორე გზა აირჩია გამოდის „დიდი ბინძური ბაყაყი“ რასაც კრიმინალური ფაქტები ჰქვია სახელმწიფოს კვლავ გადასაყლაპი აქვს. ეს ყველაფერი კი ზუსტად იმ შედეგს მოიტანს, რაც წინა შემთხვევის დროს.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა იზრდება თუ კლებულობს, იმ ფონზე, როდესაც საინფორმაციო საშუალებები აქტიურად აშუქებენ კრიმინალს, ვერანაირ საპირწონედ ვერ გამოდგება შინაგან საქმეთა სამნისტროს მიერ მოტანილი ციფრები. მიზეზი ძალიან მარტივია მკვლელობის შემდეგ დაზარალებულს ვერავინ ეტყვის, რომ მის თავსდამტყდარი უბედურება სტატისტიკისთვის ერთი ჩვეულებრივი მონაცემია და ეს მონაცემი ნაკლებია წინა წლის მონაცემთან შედარებით.

ციფრები ამ დროს უძლურია, ხოლო პასუხისმგებელი პირებს სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ აქტიურად ებრძოლონ კრიმინალს და გააჩინონ ადამიანებს შორის უსაფრთხოების განცდა.

კომენტარები