ხელფასების გაუცემლობის მიზეზად, ფოთის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ ბიუჯეტში თანხის არქონა დაასახელა.
დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში, 19 იანვარს, ნათლისღებაზე, ფოთის მერია-საკრებულოს თანამშრომლებზე 172 ათასი ლარის ოდენობის პრემიის გაცემა მაინც მოხერხდა.
190 ათასი ლარი პრემიის სახით, მათ გასული წლის გიორგობის დღესასწაულზეც მიიღეს, ხოლო წინასაახალწლოდ, საკრებულოს თანამშრომლებზე დარიგებული პრემიები ხელფასის ოდენობის 40%-ს შეადგენდა.
„ფიზიკურად არ არის ბიუჯეტში ფული, ამიტომაც გვაქვს ვალი. ახალი კანომდებლობით, ინდმეწარმეებისა და ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსვლას ველოდებით. გასულ წლებში კი გათანაბრებითი ტრანსფერი გვქონდა. საკითხის დარეგულირებამდე და თებერვალ-მარტის ხარჯების უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროსგან 1მლნ. 800 ათასი ლარის გამოყოფა მოვითხოვეთ“- განაცხადა თოდუამ.
მისი განცხადებით, საშემოსავლო გადასახადებიდან მისაღები შემოსულობები 7,5 მილიონ ლარზეა დაგეგმილი, რისი ბიუჯეტში ასახვის შემდეგაც დეფიციტი აღარ იქნება.
ქალაქის დაგვა-დასუფთავებას, გამწვანებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას შპს „ინფრატსრუქტურა“ ახორციელებს.
რამდენიმე დღის წინ, ქალაქის დაგვა-დასუფთავების ტენდერში კომპანია „სქაი გრუპმა“ გაიმარჯვა, რის გამოც, მეეზოვეები ახალ კომპანიაში დასაქმდნენ. შპს “ინფრასტრუქტურას” 129 თანამშრომლიდან 79 დარჩა და ქალაქის დაგვა-დასუფთავების ნაწილი ჩამოერთვა. შპს „ინფრასტრუქტურის“ ხელმძღვანელი გია სილოგავა დავალიანებას აღიარებს და აცხადებს, რომ, თვის ბოლომდე, თანამშრომლები ხელფასებს ჩვეულებრივ მიიღებენ.
დაგვა-დასუფთავებისთვის ბიუჯეტიდან გასაცემი ყოველთვიური ხარჯი 90 ათასი ლარს შეადგენს, აქედან 21 ათასი ლარი ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული.
კომენტარები