2014-2016 წლებში, პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა ატარებდა ჰომოფობიურ, სიძულვილის წამქეზებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მიმართ. კვლევა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ჩაატარა.

კვლევის ავტორებმა ანგარიშში ყველაზე მეტი მაგალითი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გამონათქვამებიდან მოიყვანეს. თამაზ მეჭიაური, გოგი თოფაძე, სოსო ჯაჭვლიანი, თამარ სანიკიძე, დავით ლორთქიფანიძე და სხვები აღმოჩნდნენ კვლევაში „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები“.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი „დაუნებს“ შეადარა. ამ გამონათქვამის მიმართ გამოწვეული კრიტიკის შემდეგაც მან კვლავ გაიმეორა და აღნიშნა „დაუნს ვიტყვი თუ დებილს ვიტყვი, ამაში დიდი სხვაობა არ არის.“

თოფაძის მხრიდან ქსენოფობიური ხასიათის გამონათქვამი დაფიქსირდა 2014 წელს, საქართველოს სავაჭრო საერთაშორისო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მიმართ „საიდანღაც ჩამოსული, ბანანების ქვეყანა გაგვხადა…, შენ რო არ დაგსვეს ბოთლზე, მაშინ იყავი ღირსი და მაშინ ამდენს არ იქაქანებდი… მაშინ ამოეღო ამ ურჯულოს ხმა, კაცო“

სიძულვილის ენის გამოყენებით, განსაკუთრებით კი ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური. 2016 წლის იანვარში, საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თამაზ მეჭიაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ინციდენტის შემდეგ კი აღნიშნა – „არ ვიცოდი ბატონი არტური თუ იყო, თორე… რომ მცოდნოდა, ვინ იყო შეიძლება უფრო მაგრად…“. გარდა ამისა, თამაზ მეჭიაური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს “ენჯეოელ სოროსელებად“ მოიხსენიებს.

2015 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიში, რომელიც სიძულვილის ენას და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავდა. კერძოდ, ანგარიშში ნეგატიურ კონტექსტში იყო მოხსენიებული სომეხი ეროვნება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რასაც თან სდევდა სააკაშვილის მწვავე კრიტიკა. ამგვარად, დოკუმენტში კონკრეტული ეთნოსის კუთვნილება წარმოდგენილი იყო როგორც სასირცხვილო მოვლენა. აღნიშნულს გამოეხმაურნენ სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრები. ამჟამად დოკუმენტი კვლავ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ტექსტი კორექტირებულია და „სომეხ სააკიანის“ ნაცვლად „ყოფილი პრეზიდენტია“ მითითებული.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი ლგბტ პირების მიმართ: „არაკაცებო! ჭკუიდან ნუ გადაიყვანეთ ხალხი , თორემ შარშანდელი 17 მაისი მონაგონი იქნება! ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ 17 მაისს კინოთეატრი „რუსთაველი“ მამათმავლობის აპოლოგიით არ წაიბილწოს!“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა 20/30-ში საუბრისას დისკრიმინაციული შინაარსის ტერმინი „მამათმავლები“ გამოიყენა. მართალია მან მოგვიანებით განმარტა, რომ მხოლოდ პეტიციის ტერმინოლოგია გამოიყენა, თუმცა ამ დროს მან, ყოველგვარი განმარტების გარეშე, კვლავ გამოიყენა ჰომოფობიური ტერმინი.

პარტია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი ელიზბარ ჯაველიძე: იმ პირთა მიმართ, ვინც მისი აზრით, ქართული ეკლესიის და ცნობიერების წინააღმდეგ გამოდის: „ყველანი უნდა გააშიშვლო და წკეპლა მანამდე ურტყა, სანამ გონს არ მოვლენ“.

სოსო ჯაჭვლიანი ქართველი მწერლების მიმართ: „ეს {ლაშა ბუღაძე} წმინდანის გამათახსირებელი არარაობა… ეს ნაძირლები სწორედ ქართული სიწმინდეების, სულიერების, მართლმადიდებლობის, დედა-ეკლესიის გათახსირებაში იღებენ ფულს! ესენი არიან ალენ დალესის იდეოლოგიური ნაბიჭვრები და მისი უბინძურესი დოქტრინის აღმასრულებელნი!“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ: „სამწუხაროდ, ნაციონალებს პირს ვერ ამოუკერავ… იმ დონეზე უნდა აღდგეს სამართლიანობა, რომ მათი საინფორმაციო ღრუ დაიხშოს. მინდა მივმართო ამ მოსიარულე გვამებს…“ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ ისმოდა სხვა დეპუტატების განცხადებები: „ეს დამნაშავეები {სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრები} ციხეებში უნდა ლპებოდნენ“, „ვანო მერაბიშვილი 26 მაისის გამო უნდა დაისაჯოს, როგორც კანიბალი“.

სიძულვილის ენის გამოყენებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, რომლის სიძულვილით აღსავსე განცხადებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორჯერ მიმართეს თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობის მოთხოვნით. 2016 წლის 19 თებერვალს სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოში პლურალისტული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული როლი საჯარო მოხელეებსა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს აკისრიათ. მათი კონსტიტუციური ვალდებულებაა დაიცვან ადამიანები დისკრიმინაციისგან და საჯარო სივრცეში უზრუნველყონ თანაბარი გარემო ყველა მოქალაქისთვის. ასევე, თავად არ გახდნენ დისკრიმინაციის განმახორციელებელი ან წამახალისებელი პირები.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წლის რეკომენდაციის მიხედვით, „სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმს, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.

კომენტარები